ანთალიაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 2 მარცხი იწვნია და არათუ ტიტულის შენარჩუნების, ბრინჯაოს მედლის შანსიც კი დაკარგა.
სოსო ლიპარტელიანის გუნდი ძირითად ბადეში პირველსავე წრეში, სამხრეთ კორეასთან 2:3 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. იქ კი რუსეთის გადახალისებულ შემადგენლობასთან წაიფორხილა – 1:4.
კორეელებთან ქულები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიპოვეს. დავით ასუმბანმა (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (+90 კგ) თავიანთი შეხვედრები წააგეს. რუსეთთან კი პრესტიჟის ქულა ნაკრებს მძიმე წონაში გუჯეჯიანის ჩამნაცვლებელმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მოუტანა.
ოთარ მაღლაკელიძე







