სხვა

15:31 | 30.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დოპინგ-ტესტის 9 მსხვერპლი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრესკონფერენცია მიუძღვნა. ინფორმაციის თანახმად, 2011-2012 წლებში გამოვლინდა და დადასტურდა საქართველოს სპორტსმენთა მიერ სხვადასხვა აკრძალული სამედიცინო პრეპარატის გამოყენების არაერთი შემთხვევა. საშეჯიბრო თუ არასაშეჯიბრო ტესტირების შედეგად, დოპინგმიღებულ და სანქცირებულ სპორტსმენთა შორის მოხვდნენ: თენგიზ პაპოშვილი (ძიუდო), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), ბესარიონ გუჩაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), მერაბ კაკაბაძე, ირაკლი გამთენაძე (ორივე - მკლავჭიდი), მიხეილ სუჯაშვილი (რაგბი), ბესიკ აბრამიანი (მძლეოსნობა), შოთა ომარაშვილი, გიორგი შეყლაშვილი (ფაუერლიფტინგი).
ჩამოთვლილი ცხრავე სპორტსმენი 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შეკრებილთ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პავლე კასრაძემ ამცნო. მის გარდა ოფიციალური კომენტარები ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტებმა ელგუჯა ბერიშვილმა და ნინო სალუქვაძემ და ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარემ შენგელი ფიცხელაურმა გააკეთეს.
“ბოლო ორ წელიწადში დოპინგ-ტესტი 9 სპორტსმენმა ვერ გაიარა. ეს ძალიან მძიმე მაჩვენებელია და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. სავსებით შესაძლებელია, რეალურად დარღვევა ბევრად უფრო მასშტაბურიც იყოს, რადგან სპორტსმენები და მწვრთნელები ამ საკითხში დიდი ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თითოეულ სპორტსმენს შევაგნებინოთ, რომ მისი გაუაზრებელი ნაბიჯი შეიძლება არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, ჯანმრთელობის კუთხითაც კი საზიანო აღმოჩნდეს. ოლიმპიური კომიტეტი ამ პრობლემასთან აქტიურ ბრძოლას იწყებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ”, – განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.
ნინო სალუქვაძემ სპეციალისტების სიმცირე ახსენა, თუმცა იქვე დასძინა, ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას უმარტივესად შეიძლება იმის გაგება, აკრძალულია თუ არაო და სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. სალუქვაძისვე ინიციატივით, თავიანთი ნაკრებების სპორტსმენთა სისუფთავე ფედერაციებმა უნდა აკონტროლონ და კანონდარღვევის შემთხვევაშიც თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ.
საქართველოში ასე ნამდვილად არ ხდება. მეტიც, ფედერაციები პირიქით, მალავენ თავიანთი სპორტსმენის დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის ფაქტებს და პავლე კასრაძემაც თავისი კომენტარი სწორედ ამ გაუმართლებელი პოზიციის გაკიცხვით დაიწყო.
“აუცილებელია, ფედერაციების ხელმძღვანელები თავადვე იყვნენ დაინტერესებულნი კანონდარღვევების აფიშირებით. ამ ფაქტების მიჩქმალვა ყოვლად გაუმართლებელია. მით უმეტეს, რომ ბოლომდე ვერ დამალავენ. როდესაც ბოლო ორი წლის მონაცემები შევაჯამეთ, კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დოპინგს ერთობლივი ძალებით უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა. მარტო ანტიდოპინგური სააგენტო, ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ვერაფერს გავხდებით, თუ სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა არ გაითავისეს, რომ სპორტი მაქსიმალურად უნდა გასუფთავდეს”, – აღნიშნა კასრაძემ.
შენგელი ფიცხელაურმაც ფედერაციებს მოუწოდა, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ და თითოეული დარღვევა არათუ დამალონ, არამედ თავადვე ატეხონ განგაში. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარემ დოპინგ-ტესტების ჩაბარება საქართველოს ჩემპიონატებზეც მოითხოვა. პავლე კასრაძემ უპასუხა, რომ რამდენიმე სახეობაში მართლაც აწარმოებენ ტესტების აღებას, ოღონდ იმხელა მასშტაბებით ვერა, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ. აღებული ტესტები ავსტრიის ან გერმანიის ლაბორატორიებში იგზავნება. პასუხები დაახლოებით ათ დღეში ჩამოდის და სააგენტო პირველ ყოვლისა, თავად სპორტსმენებს აცნობებს. თუკი პასუხი არასასურველია, სპორტსმენს გასასაჩივრებლად 2-კვირიანი ვადა ეძლევა და დროის ამ მონაკვეთში ინფორმაცია არ ხმაურდება. ეს - როგორც წესი, თორემ საქართველოში შეიძლება მთელი წელი ისე გავიდეს, დარღვევისა და მკაცრი სანქციის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.
“მსგავსი ფაქტების დამალვის პრეცედენტები სამწუხაროდ მართლაც იყო. ამიერიდან კი ნებისმიერი ინფორმაცია საჯარო გახდება. სადისციპლინო კომისიის სხდომებზე დასწრება ჟურნალისტებსაც შეეძლებათ” – განაცხადა ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა.
დაბოლოს, პავლე კასრაძის განცხადებით, დისკვალიფიკაციით დასჯილ სპორტსმენთა უმრავლესობა დოპინგზე სტიმულატორის მიღების გამო ჩავარდა. პაპოშვილმა და სუჯაშვილმა ინტერნეტით გამოწერილი აკრძალული პრეპარატები მიიღეს, პარაოლიმპიელი შოთა ომარაშვილი სტეროიდების მიღების გამო დაისაჯა, გუჩაშვილმა შარდმდენი პრეპარატი მიიღო მიზანმიმართულად, ხოლო ცირეკიძემ – კანაბოიდების ჯგუფში შემავალი მოსაწევი საშუალება.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093349