ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს ფინიშამდე ჯერ სამი ტური რჩება, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, სეზონის პირველი სუპერტურნირი ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძისთვის წარმატებული გამოდგა, თეიმურაზ ჯუღელისთვის, იგივე გაგამარუსთვის კი წარუმატებელი.
ტოჩინოშინმა, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-6 მაეგაშირას წოდებით გამოდის, საბოლოო დადებითი ბალანსი, კაჩი კოში ჯერ კიდევ გუშინ გაინაღდა. დღეს კი პირველ მაეგაშირა მიოგირიუსთან ვერას გახდა და 8 მოგების წილ 4 წაგება აქვს.
მაკუუჩი დივიზიონის უმძიმესმა სეკიტორმა გაგამარუმ (212 კგ) მეთორმეტე ტურში მხოლოდ მეოთხე ქულის აღება შეძლო მასუნოიამასთან და თუ დარჩენილ სამივე შეხვედრასაც სასურველი შედეგით დაასრულებს, იანვრის სუპერტურნირს მხოლოდ ერთქულიანი უარყოფითი ბალანსით დაასრულებს.
იმპერატორის თასის უმთავრესი ფავორიტი კი იოკოძუნა ჰარუმაფუჯია, რომელიც ტიტულისკენ წაუგებლად მიიწევს. დღეს კი გარდა იმისა, რომ მორიგი მეტოქე ჩამოიცილა, უმთავრესი კონკურენტის, იოკოძუნა ჰაკუჰოს წაგებითაც გაიხარა. ამ უკანასკნელისთვის დაუძლეველი ბარიერი ბულგარელი კოტოოშუ გამოდგა. ჰაკუჰო ჰარუმაფუჯის უკვე ორი ქულით ჩამორჩება.
მეცამეტე ტურში ჰაკუჰოს გამამწარებელს ტოჩინოშინი დაუპირისპირდება, ხოლო გაგამარუს მეტოქე იოსიკაძე იქნება.







