ძიუდო

10:03 | 6.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ძიუდოს 3 კორეული მოსაწვევი ერგო

ქართველი ძიუდოისტები 2010 წლის სეზონს სამხრეთ კორეაში გახსნიან. 16-17 იანვარს, ქალაქი სუვონი მსოფლიო მასტერსს უმასპინძლებს, რომელიც წარმომადგენლობითი მხარითაც და ფინანსური პირობებითაც ერთ-ერთი საუკეთესოა. 200 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიან ტურნირზე, მონაწილეებს მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით, ინდივიდუალურად იწვევენ.
კორეული მიწვევა წესით მხოლოდ 2 ქართველს უნდა მიეღო. 60 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს რეიტინგსიაში მე-10 ადგილზეა, ვარლამ ლიპარტელიანი კი თავის წონაში – 90 კილოგრამში მე-16 პოზიციაზე დგას. სწორედ 16-16 საუკეთესოს ეძლევა მასტერსზე ჭიდაობის უფლება, მაგრამ როგორც წესი, ხშირად ყველა ვერ ახერხებს ტატამზე გასვლას და თექვსმეტეულის ბინადართა უარის შემთხვევაში, რეიტინგის შედარებით დაბალ პოზიციებზე მყოფებსაც ეხსნებათ ხოლმე გზა. ასე მოხდა 100 კილოგრამშიც, სადაც მე-17 და მე-18 ადგილებზე მყოფებმაც მიიღეს კორეული მიწვევა. ამ წონის მე-18 ნომერი კი ლომერ ჟორჟოლიანია.
“კორეის საელჩო საქართველოში არაა და საბუთები უკრაინაში გავგზავნეთ. უკვე ორგანიზატორებსაც დავუდასტურეთ, რომ მასტერსზე მონაწილეობას მივიღებთ. სუვონში 12 იანვარს გავემგზავრებით. თბილისში დაბრუნებისთანავე კი ნაკრების შეკრებაში ჩავერთვებით”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გურამ მოდებაძემ.
ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს წევრისვე სიტყვით, თბილისში 30-31 იანვარს ჩასატარებელი ტრადიციული მსოფლიო თასისთვის მზადება 13 იანვრიდან განახლდება. ძიუდოისტები თბილისში,  სასტუმრო “ბატესტაში” შეიკრიბებიან და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ივარჯიშებენ. საბოლოო შემადგენლობა კი შეკრების მიწურულს დაზუსტდება. მასპინძლებს თითოეულ წონით კატეგორიაში 4 მონაწილის დაყენების უფლება აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, ეს ოთხეული დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ძირითადად ასეც იქნება, თუმცა მცირე კორექტივებს მწვრთნელები მაინც მოახდენენ.
“ჯერ საბოლოო განაცხადზე საუბარი ძნელია. პირველყოვლისა, ტრავმებია გასათვალისწინებელი. ლაშა გუჯეჯიანს საქართველოს პირველობაზე ნატკენი ფეხი ბოლომდე არ მოურჩენია და შესაძლოა, ამის გამო თბილისის “მსოფლიოს თასიც” გაუცდეს. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ტაქტიკური ცვლილებაც განვახორციელოთ. თუნდაც, კორეაში წასაყვან ძიუდოისტებზე. თუკი მასტერსზე კარგად იჭიდავებენ, შეიძლება თბილისში დავასვენოთ და თავის გამოჩენის საშუალება სხვებსაც მივცეთ”, – დასძინა მოდებაძემ.
მსოფლიოს მასტერსზე, ჩემპიონი ოქროს მედალთან ერთად 6 ათას დოლარს მიიღებს, ვერცხლის პრიზიორს 4 ათასს გადასცემენ, ბრინჯაოსნებს – 2-2 ათასს. კორეული ტურნირი სარეიტინგო ქულების დარიცხვითაც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. ყველა ბრძოლის მომგები სპორტსმენი 400 ქულას მიიღებს. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონობა მხოლოდ 180 ქულით ფასდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096795