საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს თითქოს თავისი წარუმატებლობა არ ჰყოფნიდათ, დღეს მოგებაში მეტოქესთან ერთად მსაჯმაც შეუშალათ ხელი. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ქართული გუნდიდან პირველმა მოახერხა ერთზე მეტი შეხვედრის მოგება – სამი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად ჩამოიცილა და პარიზულ ტატამს მერვედფინალიდან გამოეთიშა, მასპინძელ ლუის პიეტრისთან მარცხით. ალბათ შეხვედრა საპირისპირო შედეგით დასრულდებოდა, პიეტრის ადგილზე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ძიუდოისტი რომ მდგარიყო. მსაჯების რამდენიმე გაუმართლებელმა გადაწყვეტილებამ მეოთხედფინალის მწვანე შუქი ფრანგს აუნთო. ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგა. პიეტრისთან დაპირისპირებამდე ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ბურკინაფასოელი ჰერმან მონე, უნგრელი შანდორ ნადისოლიმოში და ყაზახი საიატ შამშიევი დაამარცხა. მონესა და ნადისოლიმოშს იპონებით მოუმთავრა საქმე, ხოლო შამშიევს ვაზარ-იუკო აკმარა.
81 კილოგრამში კიმონო ლევან წიკლაურმაც მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკ იახიო იმანოვს ვაზარითაც უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – იპონზე დავარდა.
ქართველების მძლეველთაგან კვარცხლბეკამდე ვერც ერთი ვერ მივიდა. იახიო იმანოვი ჩემპიონატს სწორედ წიკლაურთან მოპოვებული ერთადერთი გამარჯვებით გამოეთხოვა. ლუის პიეტრიმ კი საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და მედალი მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო, რომ ნახევარფინალში, სამხრეთკორეელ ჯაე-ბუმ კიმთან და რეპეშაჟის ფინალში, მოლდოველ სერგიუ ტომასთან მსაჯების კეთილგანწყობამ ვეღარ უშველა. მისმა მეტოქეებმა ისეთი ალალი ილეთებით იმარჯვეს, გაუქმება არაფრით რომ არ გამოდიოდა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ ჯაე-ბუმ კიმმა მოიპოვა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მან 7 მეტოქე ჩამოიცილა. მათ შორის გერმანელი ოლე ბიშოფი, რომელთანაც პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა. ფინალში კი, კიმმა მონტენეგროელ სრჯან მრვალიევიჩს ვაზარით სძლია.
დღის მთავარი მოულოდნელობა მრვალიევიჩის ფინალში გასვლა იყო. ძიუდოისტმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 25-ე ადგილზეა, გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ხუთი შეხვედრა მოიგო. მისგან ძლეულთა სიაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილიელი ლეანდრო გილეიროც მოხვდა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სერგიუ ტომასთან ერთად.
დღესვე მედლები ქალთა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და იაპონელთა ოქროს დღეებიც დასრულდა. აქამდე ქალებში ჩემპიონები მხოლოდ ძიუდოს ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენლები ხდებოდნენ. ამჯერად კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფრანგი ჟერვის ემანე ავიდა. ფინალში მან ჰანტეიში აჯობა იაპონელ იოში უენოს. კანა აბე კი პირველი იაპონელი ქალი ძიუდოისტი გახდა, ვინც პარიზულ მსოფლიოს პირველობაზე სამეულს მიღმა დარჩა. ისიც იმიტომ, რომ პირველ წრეში ტრავმა მიიღო.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 90 და ქალთა 70 და 78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური მოირგებენ. ლიპარტელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება. წილისყრამ მას პირველ მეტოქედ მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, იაპონელი დაიკი ნიშიამა არგუნა. მეორე წრიდანვე ჩაერთვება ტურნირში გოგოჭურიც, შვედ ჟოაკიმ დვარბისთან შეხვედრით.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
პარიზი
25 აგვისტო
კაცები
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 სრჯან მრვალიევიჩი (მონტენეგრო)
3 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 სერგიუ ტომა (მოლდოვა)
ქალები
63 კგ
1 ჟევრის ემანე (საფრანგეთი)
2 იოში უენო (იაპონია)
3 ანიჩქა ვან ემდენი (ჰოლანდია)
3 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)
ოთარ მაღლაკელიძე







