ძიუდო

22:50 | 30.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქალებში ჰოლანდია გაჩემპიონდა, ხვალ კაცების დღეა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 2008 წელს ტოკიოში მოპოვებული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად, ხვალ, თბილისის დროით 13 საათიდან, თურქულ ტატამზე გავა. ქალაქ ანთალიაში, მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წოდებისთვის ბრძოლაში სულ 8 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება.
სოსო ლიპარტელიანის გუნდი შეჯიბრს სამხრეთ კორეასთან შეხვედრით დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, ნახევარფინალში, იაპონია-რუსეთის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. ბადის მეორე მხარეს მეოთხედფინალისტები ასე დაწყვილდნენ: საფრანგეთი – ბრაზილია, მონღოლეთი – თურქეთი.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის უფროსის, ზურა უსუფაშვილის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთკორეელთა რიგებში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი (60 კილოგრამში) მინ-ჰო ჩოი იჭიდავებს, 73 კილოგრამში – გი-მან ბანგი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერია, 81-ში – სუკ ვონგ ჰონგი (რეიტინგში 65-ე ადგილი), 90-ში – იუნგ ვო კვონი (27-ე), ხოლო მძიმე წონაში – კიმი, თუმც ასეთი გვარის ძიუდოისტი კორეელებს მძიმე წონაში რამდენიმე ჰყავთ და დასაზუსტებელია, ანთალიაში რომელი იახლეს. მათგან საუკეთესორეიტინგიანი – სო-ვან კიმია (მე-13). უსუფაშვილისვე თქმით, რუსებმა თურქეთში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანეს, იაპონურ განაცხადში კი, ტიტულოვან ძიუდოისტთაგან მხოლოდ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტაკამასა ანაი (100 კგ) და ვერცხლის პრიზიორი დაიკი ნიშიამა (90 კგ) შეიყვანეს.
აქვე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც შეგახსენებთ. სოსო ლიპარტელიანმა თურქეთში 7 შეგირდი ჩაიყვანა. 66 კილოგრამში დავით ასუმბანი იჭიდავებს, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ხვიჩა ხუციშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, +90-ში კი ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი.
დღეს ტატამი ქალებს დაეთმოთ. მამაკაცთა მსგავსად, აქაც 8 ქვეყნის გუნდი ჩაერთო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში. ფინალში ჰოლანდიელმა ძიუდოისტებმა გერმანელებს სძლიეს. იქამდე კი მონღოლები და იაპონელები ჩამოიცილეს. თავის მხრივ, გერმანელებმა ფინალამდე ჩინელებსა და ფრანგებს აჯობეს. რეპეშაჟის ფინალებში კი, იაპონელებმა ბრაზილიელებს მოუგეს, ხოლო თურქებმა ფრანგებს.
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08947