გულშემატკივრის სვეტი

19:49 | 2.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

პუტინი და სპორტი

სპორტი და პოლიტიკა მრავალ ქვეყანაში რომაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ეს ცნობილი ამბავია და ამ თემაზე მრავალგზის დაწერილა. პოლიტიკოსები, როგორც წესი, უარყოფენ სპორტში ხელის ფათურს. სპორტში დასაქმებული ადამიანები კი იქადნებიან – აბა ერთი ჩვენს საქმეში ვინმე ჩაერიოს და, მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო. რეალობა კი ისაა, რომ მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აზიურ და აფრიკულ ტირანულ რეჟიმებსა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, ფეხბურთი ლამის სახელისუფლებო პიარის ნაწილად არის ქცეული, რაც, რა თქმა უნდა, სპორტულ შედეგებზეც აისახება. ამ ყველაფრის კარგი მაგალითია რუსეთი, რომლის საფეხბურთო ჩემპიონატში იმხელა თანხა ჩაიდო, რომ მაგ რაოდენობის ფულით ავსტრიის ბუნდესლიგა ალბათ მსოფლიოში პირველი ჩემპიონატი გახდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა კლუბებმა ბოლო წლებში ევროასპარეზზე გამოსვლა შესამჩნევად გამოასწორეს, მაინც ვერავინ იტყვის, რომ რუსული კლუბები ევროპულ გრანდებს გვარდით ტოლ-სწორად უდგანან. სწორედ ამიტომაც, რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი და მომავალში სავარაუდო პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ბოლო დროს შეეშვა საფეხბურთო მატჩებზე სიარულს და ისეთ ასპარეზობაზე სიარულს მოუხშირა, სადაც რუსთა გამარჯვებები უფრო რეალურია.
ყოფილი ოლიგარქი და პუტინის პირადი პატიმარი, მიხაილ ხოდორკოვსკი იხსენებს: ”ერთხელ პუტინმა ბიზნესმენები დაგვიბარა და გვკითხა, რამდენად გვქონდა რუსული საფეხბურთო კლუბების დაფინანსების სურვილი. პუტინს ასევე აინტერესებდა ჩვენი აზრი, თუ რამდენად რეალურად გვეჩვენებოდა რუსული ფეხბურთის მაშინდელი ხუთწლიანი განვითარების გეგმა. მე მაშინ პუტინს პირადად ვუთხარი, რომ ასე ხელოვნურად ფეხბურთში ფულის ჩაყრა მყისიერ ეფექტს კი მოიტანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მივაღწევდით, რადგან ფეხბურთში მოღვაწე ჩემი მეგობარი ბიზნესმენებისაგან ვიცი, რომ ფეხბურთი სხვა სახეობებისგან ძალიან განსხვავებული სპორტია და იქ წარმატება მხოლოდ დიდი ფულით ვერ მიიღწევა. ყველა ნაბიჯი უნდა განისაზღვროს და ზუსტად გაითვალოს. მაშინ პუტინმა ჩემს სიტყვებზე გაიცინა და მითხრა: ”მიშა, შენ როგორც ყოველთვის, ახლაც აჭარბებ. აი ნახავ, ზუსტად ოთხ წელიწადში ჩვენი გუნდი უეფას თასს აიღებს”. მოსკოვის ცსკა-მ ზუსტად ოთხ წელიწადში აიღო უეფას თასი და მაშინ დავრწმუნდი, რომ პუტინის ხალხმა რუსული ფეხბურთი დიდ მსოფლიო საფეხბურთო მაფიასთან დააკავშირეს. ახლა ჰქონიათ, რომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მალე ინანებენ ფეხბურთში ჩარევას და ამდენი ფულის გადაყრას”.
დაგვეთანხმებით, რომ ხოდორკოვსკის სიტყვები მრავლისმთქმელია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ფეხბურთზე სიარულს მოუკლო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების თავის მოსაწონებლად, რუსი ბიზნესმენები ფეხბურთში “უპრაგონოდ” ფულის ჩადებას ერიდებიან. მხოლოდ მახაჩყალის ”ანჟის” მაგალითიც კი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ”ტკბილ მეზობელ” ქვეყანაში ჯერ ისევ ფესვგადგმულია ილუზია, რაც ბევრი ფულით დიდი შედეგების მიღწევის ოცნებას გულისხმობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეული რუსი ჟურნალისტი, ევგენი ბერგუნოვი დღეს ერთ-ერთი იმ რუსთაგანია, რომელმაც ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას გარისკა და პუტინის მთავრობა მრავალ დანაშაულში ამხილა. ეს მხილებები ჟურნალისტს ძვირად დაუჯდა და ბევრი ჯახირის შემდეგ, რუსეთის უშიშროებას ძლივს გაასწრო რუსეთის ფარგლებს გარეთ (სხვათა შორის, ევგენი ბერგუნოვი მაშინ რუსეთიდან საქართველოს გავლით გაიპარა და თურქეთში გადავიდა, საიდანაც შეერთებულ შტატებში შეძლო გაღწევა).
თავის მოგონებებში ბატონი ევგენი წერს: ”ძალიან სასაცილო სანახავი იყო, პუტინი მაშინ, როდესაც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს დაიბარებდა და სპორტზე ისე ესაუბრებოდა, თითქოს დიდი მცოდნე ყოფილიყო. ძიუდოს გარდა, სხვა სპორტის სახეობებზე ვალოდიას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ეს ჩემთან არაერთ სპორტსმენს უთქვამს. პუტინი, როდესაც სპორტსმენებს ხვდება, გვერდით ყოველთვის უდგას ერთ-ერთი მრჩეველი, რომელსაც სპორტის კურირება აბარია და ის ეჩურჩულება, სად რა უნდა თქვას. მაგრამ უბედურება ისაა, რომ არც მისმა მრჩეველმა იცის ბევრი რამ. რუსეთში დღემდე ხუმრობენ ამაზე, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ქვეყნის პირველი პირის სპორტში ჩარევა და ჰგონიათ, რომ ბევრი ფული ყველაფერს გამოასწორებს. მაგრამ რუსული სპორტის, ისევე როგორც მთელი სახელმწიფოს პრობლემები მხოლოდ ფულით რომ გვარდებოდეს, ახლა რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნებოდა”.
ჩვენ არ ვაპირებთ მარჩიელობას და არც იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები რუსულ სპორტში. ფაქტი კი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ, რუსეთის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი წამოაყენა. ეს კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეიცვლება და მთავრობა კვლავ დიდი მონდომებით მოაფათურებს სპორტში ხელებს. სამწუხარო კი ისაა, რომ ამ ყველაფერზე ხმის ამომღები ადამიანები რუსეთიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან.
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159092