საბოლოოდ გადაწყდა: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2009-2010 წლების სეზონში უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი იქნება. ასე რომ, ლიგიდან გავარდნილ თბილისის გუნდებს, “გაგრასა” და “ლოკომოტივს” ბოლო იმედიც წაერთვათ – პირველ ლიგაში ითამაშებენ. ასეთი ვედრიქტი გამოიტანეს დღეს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კონფერენციაზე, რომელსაც ცხადია, კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც ესწრებოდა. კონფერენცია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა და ჟურნალისტთა კითხვებს პროფლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ და გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა უპასუხეს.
გია ფირცხალავა: მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლება მეტი ინვესტორიანი კლუბი გვყოლოდა, პროფლიგის რეგლამენტით ვიმოქმედეთ. ამ რეგლამენტში კი გარკვევით წერია, რომ უმაღლესში 10 გუნდი უნდა იყოს. ჩემპიონატი კვლავ ოთხ წრედ ჩატარდება, როგორც გასულ სეზონში. უმაღლესიდან პირდაპირ გავარდება ორი გუნდი, ხოლო ბოლოდან მესამეზე გასული გადათამაშებაში შეხვდება პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასულს. გადათამაშება ერთმატჩიანი იქნება და ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. პირველ ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს და ცხადია, ის ორ წრედ ჩატარდება.
- დუბლების ჩემპიონატს რა სისტემა ექნება?
- ამ მხრივაც შეიცვალა მდგომარეობა. დუბლების მატჩები უმაღლესი ლიგის შეხვედრების მეორე დღეს გაიმართება და ჩატარების სისტემა უმაღლესის იდენტური იქნება – 10 გუნდი ოთხ წრედ.
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ჩატარების სისტემა შეიცვალა?
- სისტემა არა, მაგრამ ფინალის თარიღი შეიცვალა. ნაცვლად 26 მაისისა, ფინალი 13 მაისს გაიმართება. მეთექვსმეტედფინალები და მერვედფინალები ერთმატჩიანი იქნება, მერე კი შინ-სტუმრად. განთესილი 4 გუნდი მერვედფინალიდან ჩაერთვება თასზე. სუპერთასი 20 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ ქალაქში იბრძოლებენ “ვიტ ჯორჯია” და “ოლიმპი” ამ ტიტულისთვის (ისე, ეს ორივე კლუბი რუსთავის “ფოლადზე” ატარებს საშინაო მატჩებს და ამდენად, შორს წასვლა ალბათ არ დასჭირდებათ – რედ) .
- უმაღლესი ლიგის კალენდარი როდის დადგინდება?
- ჯერ იმას ვიტყვით, რომ ჩემპიონატი 6-7 აგვისტოს დაიწყება. მესამე წრე 12-13 თებერვლიდან დაიწყება და ჩემპიონატი დასრულდება 27 მაისს.
- კლუბებისთვის საწევრო გადასახადი რამდენი იქნება?
- უმაღლეს ლიგაში ისევ 40 000 ლარი იქნება, პირველ ლიგაში კი 4 000-ით გაიზარდა გადასახადი – ანუ, აქამდე 16 000 თუ იყო, ახლა 20 000-ია.
- რატომ გაიზარდა?
- ხარჯების გაზრდის გამო.
- წლეულს “დია”-ს დაჯილდოება გაიმართება?
- გაიმართება. ამ ზაფხულს გვსურს და თარიღსაც გამცნობთ.
- “კოლხიდა” კვლავ ითანამშმრომლებს პროფლიგასთან თუ გაწყდება კავშირი?
- “კოლხიდას” დამფუძნებელმა და “ლოკომოტივის” პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ დრო ითხოვა, რათა საბოლოო პასუხი გვითხრას. პროექტი გაგრძელდება თუ არა, ეს თავად თოფურიაზეა დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად და როგორც ვიცი, არც თოფურიაა უარზე. ვნახოთ.
- და თუ ლექსო თოფურიამ უარი შემოთვალა, ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლირება აღარ იქნება?
- როგორ არ იქნება. მსურველები არიან.
- როგორც ვიცით, რამდენიმე კლუბს დავალიანება აქვს. რას გვეტყვით, მათი ბედი როგორ გადაწყდება?
- დავალიანება პირველი ლიგის გუნდებს აქვთ. IBSU, ახალციხის “მესხეთი” და პირველი ლიგიდან გავარდნილი ლაგოდეხის “ჰერეთი” ქულანაკლულები დაიწყებენ ჩემპიონატს. IBSU და “მესხეთი” მინუს 3 ქულით, “ჰერეთი” კი – მინუს 9 ქულით. ასევე დავალიანება აქვთ “ჭიათურას”, 35-ე საფეხბურთო სკოლასა და “ნორჩ დინამოელს”, რომლებსაც ერთი კვირა მიეცათ ვადა თანხის დასაფარად. წინაამღდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატში არ დაიშვებიან.
- უმაღლესლიგელი კლუბების უმეტესობას კერძო სპონსორი ჰყავს. ზუგდიდის “ბაიაზე” და ბოლნისის “სიონზე” სხვადასხვა ვერსიები გაჟღერდა – ზუსტად ხომ ვერ გვეტყვით ამ კლუბების ინვესტორებზე?
- “ბაიას” GMS group და “სოკარი” უსპონსორებენ, “სიონს” კი “მადნეული” ჰყავს. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი კლუბია კერძო ინვესტორის გარეშე – “ცხინვალის “სპარტაკი” და “სამტრედია”.
ილია ნანობაშვილი









