ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის დასრულების შემდეგ,C ჯგუფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად მოხვედრილი ნაკრებების შესახებ დაწვრილებით გესაუბრეთ. ახლა კი თქვენს ყურადღებას, A და B ჯგუფებში რიცხულ გუნდებს მივაპყრობთ, რომელთა გზები ქართველებთან, ასევე შესაძლებელია გადაიკვეთოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველოს ნაკრები დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში გააღწევს და ნანატრი საგზურისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს.
ცხადია, კენჭისყრით კმაყოფილნი არ დარჩენილან ის გუნდები, რომლებიც A ჯგუფში მოხვდნენ. პული, სადაც ლატვია, ისრაელი, ფინეთი, იტალია და ჩერნოგორია შეიყარნენ, უკვე მოინათლა “სიკვდილის ჯგუფად”, სადაც მოწინავეთა ვინაობა, სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე არ გაირკვევა.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ შეფიქრიანებული ჩანდა ჯგუფის ყველაზე სახელოვანი გუნდის – “სკუადრა აძურას” დამრიგებელი სიმონე პიანიჯიანი. ამ უკანასკნელმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სიენას “მონტეპასკის” იტალიის პირველობა სამჯერ მოაგებინა, შარშან კი ქვეყნის თასი და სუპერთასიც დაისაკუთრა და შინაურ ასპარეზზე ტრიპლი შეასრულა.
პიანიჯიანის აპენინელთა ნაკრების საჭე მას შემდეგ ანდეს, რაც გუნდმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩააგდო და ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა. სიმონემ პოსტი კარლო რეკალკატისგან ჩაიბარა და ქომაგებს ძველი დიდების დაბრუნება აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურა” 1999 წლის ევროპირველობის გამარჯვებულია, ოთხი წლის შემდეგ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 2004 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედლები აქვს მოგებული. ცხადია, რომ ამ ფონზე ახალი მწვრთნელისგან ყველა წარმატებას ელის, მითუმეტეს, რომ იტალიელებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე სამივე თანამემამულის – ანდრეა ბარნიანის, მარკო ბელინელისა და დანილო გალინარის შეკრების იმედი აქვთ.
“კენჭისყრის შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მერე, მეტოქეთა მზადყოფნაზე”, - აღნიშნა პიანიჯიანიმ. “მატჩები აგვისტოში შედგება, ამდენად, იმაზე მსჯელობა, მომავალ თამაშებს ვინ როგორ ფორმაში შეხვდება, არასწორი იქნება. არც ის ვიცით, მეტოქეები როგორ შემადგენლობას შეკრებენ. ცხადი ერთია, რომ მძიმე ჯგუფი გვერგო, შეიძლება ითქვას, ურთულესიც”.
იტალიას, ისრაელსა და ლატვიას ევროპულ გრანდებთან თამაშის საკმაოდ გამოცდილება აქვთ, მაშინ როდესაც ფინეთი და ჩერნოგორია ელიტას ახლაღა უშინაურდებიან. უფრო გამოცდილნი ფინელები არიან, რომელთაც გასულ შესარჩევ ციკლში დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში გააღწიეს და იქ იტალიელთა ძლევაც მოახერხეს.
“ფაქტია, რომ ევროპაში საკალათბურთო დონე ძალიან გათანაბრდა. ამდენად, რომელიმე მეტოქესთან მატჩებში უეჭველი ქულების დაგეგმვა არასწორი იქნება. კონკურენტები დიდ პატივისცემას იმსახურებენ, ამდენად ზაფხულში უმძიმესი თამაშები გველის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის მთელი აგვისტო მოგზაურობაში ვიქნებით”, - დასძინა პიანიჯიანიმ.
ცხელ ზაფხულს ელის ლეგენდარული იტალიელი სპორტსმენი დინო მენეგინიც, რომელიც ამჟამად ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
“ფინეთთან მატჩებში ყოველ¬თვის პრობლემები გვქონდა, ისრაელისა და ლატვიის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის, ჩერნოგორია კი ძლიერი გუნდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესარჩევი ტურნირის ფორმატის მიხედვით, ფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნებიც გადიან. ამდენად, ერთი ან რამდენიმე მატჩის წაგებიდან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ბრძოლა ბოლომდეა საჭირო”.
მენეგინისვე განცხადებით, იტალიის კალათბურთის ფედერაცია გუნდის საშინაო მატჩებისას ქალაქების შერჩევისას მაქსიმალური ყურადღებას გამოიჩენს. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესი თამაშებისას კალათბურთელებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ და გულშემატკივართა მხარდაჭერაც არნახული უნდა იყოს.
საფიქრალი გასჩენია ჩვენი ძველი მეტოქეების, ფინელების თავკაც ჰენრიკ დეტმანს:
“ჩვენს ჯგუფს ვუყურებ და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს უკვე ფინალურ ეტაპზე ვიყოთ გასულნი. მეტიც, ასეთი სიძლიერის ჯგუფი ფინალურ რაუნდშიც კი იშვიათად იქმნება ხოლმე. გუნდების დონიდან გამომდინარე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ჩვენი მთავარი მიზანი ყველა საშინაო მატჩის მოგება იქნება, სტუმრად კი მცირე შანსიც კი უნდა გამოვიყენოთ. ყველა ვარიანტში, ფინეთში სახელოვანი მეტოქეების სტუმრობა გარანტირებული გვაქვს. იმედია, ჩვენი გულშემატკივრები ამჯერადაც მხარში დაგვიდგებიან”.
ფინელების ლიდერებად კვლავაც გამოცდილი კალათბურთელები ჰანო მოტოლა და ტეემი რანიკო ითვლებიან, ბოლო ხანს კი გუნდის წინამძღოლად პეტერი კოპონენიც ჩამოყალიბდა, რომელიც იტალიის “ბოლონიაში” ქართველი ვიქტორ სანიკიძის მხარდამხარ ასპარეზობს.
საკალათბურთო ტრადიციებით მდიდარმა ისრაელმა გასულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, ებრაელთა მთავარი იმედები კი ახალ მწვრთნელს არიკ შივეკს, ნბა-ში გადაბარგებული ომრი კასპისა და ორ “ევროპელს” – ესპანური “კახა ლაბორალის” წევრ ლიბორ ელიაჰუსა და ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მოთამაშე იოტამ ჰალპერინს უკავშირდება. ცნობისთვის, კასპი “საკრამენტო კინგზის” რიგებში საშუალოდ 12.7 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებს და ლიგის ახალბედათა შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.
ისრაელის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 1993 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია, შარშან კი ჯგუფში ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო და არსებობის ისტორიაში, ფინალურ რაუნდში მე-11 ადგილს ქვემოთ მხოლოდ მეორედ აღმოჩნდა. არიკ შივეკს დიდი იმედი აქვს, რომ ებრაული კალათბურთი თავის სიტყვას მომავალ ციკლშიც იტყვის, თუმცა, ისიც კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ უმძიმესი მატჩები ელის.
“დღევანდელ ევროპულ კალათბურთში სუსტ მეტოქეებს არცერთ დონეზე არ უნდა ელოდე, თუმცა, ბოლო კენჭისყრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც მე-4 კალათიდან იტალია გხვდება, ხოლო მე-5-დან – ჩერნოგორია, ამით ყველაფერია ნათქვამი. არ გა-მიკვირდება, თუკი საბოლოოდ, ყველაფერს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს. პოტენციალით, B ჯგუფში ევრობასკეტის ოთხი მონაწილეა – იტალია, ჩერნოგორია, ლატვია და ჩვენ”.
თუკი ისრაელმა პოლონეთში გამართულ ჩემპიონატზე ყველა მატჩი წააგო, ლატვიელებმა გერმანიას 68:62 სძლიეს, თუმცა, ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ მოახერხეს. ბალტიისპირელებმა ეს შედეგი წარუმატებლობად ჩათვალეს და გუნდის თავკაც კესტუტის კემზურას კონტრაქტი არ გაუგრძელეს, ახალი მწვრთნელის ვინაობა კი ჯერაც არ დაუსახელებიათ.
მართალია, ჩერნოგორია A დივიზიონში პირველად ითამაშებს, თუმცა, ამ გუნდს ყველა უფრთხის. სერბეთისგან არცთუ დიდი ხნის წინათ გამოყოფილ ქვეყანას ბელგრადის “პარტიზანის” მწვრთნელი დუშკო ვუოშევიჩი თავკაცობს, ნაკრების ლიდერები კი ათენის “პანათინაიკოსის” ძირითადი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი და მალაგის “უნიკახას” უკანახაზელი ომარ კუკი არიან.
კენჭისყრის შემდეგ ჩერნოგორიელთა კაპიტანმა ვლადო სჩეპანოვიჩმა მთელი გუნდის აზრი მოკლედ და გასაგებად გაახმაურა: “ამჯერად, იღბალი ჩვენს მხარეს ნამდვილად არ იყო”.
დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი B ჯგუფშიც, სადაც ერთმანეთის პირისპირ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უნგრეთი და უკრაინა დადგებიან.
ბრიტანელები აგვისტოში ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად იბრძოლებენ. 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურინირში, კრის ფინჩის შეგირდებმა ისრაელის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ჩეხეთის ნაკრებთა ძლევა მოახერხეს და პოლონეთში ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გაემგზავრნენ.
“ის, რომ კენჭისყრის წინ მე-2 კალათაში ვიყავით განთესილნი, არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს. გასულ ციკლში ჩვენგან კარგ შედეგებს არავინ ელოდა და შესაძლოა, ეს დაგვეხმარა კიდეც, ახლა კი, ყურადღებას არავინ მოადუნებს, ასე რომ, საინტერესო მატჩები გველის”, - აღნიშნა ფინჩმა.
გასული წლის სექტემბერში პოლონეთში ჩასული ბრიტანელები “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ. თავად განსაჯეთ, ფინჩის შეგირდებს დაპირისპირება ესპანეთის, სერბეთისა და სლოვენიის გუნდებთან მოუწიათ. შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ესპანეთმა და სერბეთმა ჩემპიონატის ოქრო-ვერცხლი გაითამაშეს.
მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის ნაკრებს თავი არ შეურცხვენია. “ნისლიანი ალბიონის” წარმომადგენელთ განსაკუთრებით მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან ჯახში იყოჩაღეს. მაშინ ბრიტანელებმა სახელოვან მეტოქეს 16-ქულიანი ჩამორჩენა “ამოუქაჩეს” და დასკვნით მეოთხედში წინ გასვლაც მოახერხეს, თუმცა, საბოლოოდ 76:84 დამარცხდნენ.
“მომავალ ციკლში სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ესპანეთთან იმ შეხვედრაში. თუკი ბიჭებმა მობილიზება შეძლეს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჯგუფის მთავარი ფავორიტები ვიქნებით”, - დასძინა ფინჩმა.
ერთი საინტერესო დეტალიც. გასულ წელს, ტრავმის გამო, ბრიტანელებს ვერაფრით დაეხმარა “ჩიკაგო ბულზის” 24 წლის ფორვარდი ლუოლ დენგი, რომელიც სუდანში გახლავთ დაბადებული, თუმცა, კრის ფინჩის ნაკრების ღირსებას იცავს. ამჟამად, დენგი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და ჩიკაგოელთა რიგებში საშუალოდ 17.6 ქულას, 7.4 მოხსნასა და 1.1 დაფარებას აგროვებს.
ის, რომ დიდი ბრიტანეთის ნაკრები მომავალი ციკლის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, უკრაინელებიც აღიარებენ, რომლებსაც 2011 წლის ლიტვაში გასამართ ტურნირზე მოხვედრის ამბიციები ასევე აწუხებთ.
“ჩვენს ჯგუფში ბრიტანელებს ყველაზე საინტერესო გუნდი ჰყავთ. უნგრეთიც ანგარიშგასაწევი ძალაა, ბოსნია და მაკედონია კი ყოფილ იუგოსლავიას წარმოადგენენ და უეჭველია, კარგი საკალათბურთო სკოლა ექნებათ, მიუხედავად ყველაფრისა, თუკი ყველა სასურველი მოთამაშის შეკრება მოვახერხეთ, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ”, - განაცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციაში ეროვნულ ნაკრებთა დირექტორმა გენადი ზაშჩუკმა.
ამჟამად, უკრაინელთა მთავარი საფიქრალი ახალი მწვრთნელის მოძიებაა. გასულ ციკლში ნაჩვენები შედეგების გამო, ფედერაციამ ვალენტინ მელნიჩუკი თანამდებობიდან გაანთავისუფლა, მისი შემცვლელი კი ჯერაც ვერ მოუძიებია. ზაშჩუკის თქმით, ეს საკითხი 15 თებერვლამდე უნდა გადაწყდეს.
დათო მანჯავიძე







