სტატიები

10:33 | 24.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის საფეხბურთო სოციალიზმი

2007 წლის იანვარში, უეფა-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მისი არჩევა, ევროპულ ფეხბურთში ახალი ერის დასაწყისის ტოლფასი იყო. უნდა ითქვას, რომ წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის სიტყვები, საქმეს სრულიად შეესაბამება. სამი წლის წინ დაწყებული ახალი ერის შესახებ, პლატინიმ მომავალში კიდევ ორჯერ გვამცნო - როდესაც 2008 წელს ევროპის კლუბების ასოციაცია და 2009 წელს, როცა უეფა-ს აღმასკომმა Fair play-ს ფინანსური კონცეფცია დაამტკიცა. განვლილ სამ წელიწადში, მოქმედმა პრეზიდენტმა უეფა-ს არსებობის ისტორიაში უდიდესი რეფორმატორის სახელი დაიგდო და უნდა ვივარაუდოთ, რომ პლატინისეული საქმეები ჯერ მხოლოდ დასაწყისშია.
რომანტიკოსი და რეფორმატორი
პლატინი თავს რომანტიკოსად, ფეხბურთს კი მთელი საზოგადოების კუთვნილად მიიჩნევს და ყოველ გამოსვლაში საკუთარი ქმედების არსს ასაბუთებს, რომელშიც უდიდეს ნაწილს იმ ფაქტის აღნიშვნას უთმობს, რომ ფეხბურთის მხოლოდ ბიზნესის კუთხით განხილვა არასწორია. ის ამბობს: “სპორტში ფული ყოველთვის იყო, ფეხბურთი აგერ უკვე 150 წელია პროფესიონალურია. მაგრამ ფული, მოპოვებული ტიტულებისგან განსხვავებით, ფეხბურთში საბოლოო მიზანს არასდროს წარმოადგენდა”.
ბუნებრივია, პლატინის ასეთმა მიდგომამ საფეხბურთო ფუნქციონერების მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. უეფა-ს პრეზიდენტობის პირველ თვეებში, მის წინააღმდეგ G-14-ის (ევროპის წამყვან კლუბთა ორგანიზაცია) წარმომადგენლები გამოვიდნენ. კონფლიქტის მიზეზი პლატინის სურვილი იყო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლა სურდა და ალტერნატიულ ვარიანტად ამ ტურნირში მხოლოდ ქვეყნების ჩემპიონების მონაწილეობას განიხილავდა. ფრანგის აზრით, ყველა ევროპული კლუბი თანაბარ პოზიციაში უნდა ყოფილიყო, დახურული ელიტარული ტურნირის გამართვას კი, ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევდა.
მიუხედავად დაძაბული მდგომარეობისა, ურთიერთშეთანხმება მიღწეულ იქნა. 2008 წლის იანვარში ჩამოყალიბდა ევროპული კლუბების ასოციაცია, რომელიც 53 ქვეყნის 100 წარმომადგენელს აერთიანებს და ორგანიზაცია G-14-მაც არსებობა შეწყვიტა. ევროპული კლუბების ასოციაციასა და უეფა-ს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უეფა ევროპის საფეხბურთო კლუბების ინტერესების დამცველად, მხოლოდ ამ ორგანიზაციას აღიარებდა.
პლატინი მუდამ იცავს თანასწორობისა და გახსნილობის იდეას. უეფა-ს აღმასკომმა არ დაამტკიცა პრეზიდენტის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ქვეყნების ჩემპიონ გუნდებს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მიშელმა “გეგმა ბ” გამოიყენა და ტურნირის ჩატარების ფორმატი იმგვარად შეცვალა, რომ არცთუ ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის საშუალება მაინც მიეცათ.
თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას მიშელი გულშემატკივრებთან ურთიერთობაშიც აქტიურად იყენებს. მისი სიტყვებით, ევროტურნირების ფინალებზე, სტადიონზე 75 პროცენტი უბრალო გულშემატკივარი უნდა მოხვდეს და არა ტურნირის კომერციული პარტნიორები, სპონსორები ან განსაკუთრებული სტუმრები.
პლატინის თაოსნობით უეფა-ს თასი ევროპის ლიგად გადაკეთდა და მისი ჩატარების სქემა ჩემპიონთა ლიგის სქემას მიუახლოვდა. მან უარი თქვა საკამათო სიტუაციების ვიდეოგამეორების დანერგვაზე და ექსპერიმენტის სახით, გვერდით მსაჯებს ორი დაამატა, ანუ, სულ მსაჯთა ბრიგადა ხუთ კაცამდე გაიზარდა. მიმდინარე სეზონში ეს ექსპერიმენტი ევროპის ლიგის მატჩებზე ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს უმეტეს შემთხვევაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მსაჯთა უხეში შეცდომების თავიდან აცილება, საბოლოოდ მაინც ვერ მოხერხდა.
უეფა-ს პრეზიდენტი ღარიბი და სუსტი კლუბების ინტერესების დაცვას განაგრძობს. ის ევროპის ტოპ-კლუბებს ეკონომიისკენ მოუწოდებს და მადრიდის “რეალისა” და ინგლისის “მანჩესტერ სიტის” სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს, იმუქრება, რომ ფეხბურთელთა ხელფასებისა და სატრანსფერო თანხის ზედა ზღვარს დააწესებს. პლატინის რეფორმატორული მიდგომა ეტაპობრივია. უეფა-ს პრეზიდენტი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და ევროპულ ფეხბურთში ახალ, უფრო თამამ იდეებს ნერგავს.
რეფორმიდან რევოლუციისკენ
2009 წლის დასაწყისში, 16 თებერვალს, მიშელ პლატინიმ ევროპარლამენტს ბრიუსელში გამოსვლისას სიტყვით მიმართა და პარლამენტარებს ფეხბურთის დაცვისაკენ მოუწოდა, რომელიც მისი აზრით საფრთხეშია. ფრანგი ვერ ურიგდება იმ ფაქტს, რომ ფეხბურთი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა, მოცემულ მომენტში ეკონომიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ნელ-ნელა თავი იჩინა ფინანსური Fair play-ის კონცეფციამ. მასში იგულისხმება ის, რომ კლუბები არ ხარჯავენ იმაზე მეტ თანხას, ვიდრე გამოიმუშავებენ. მისი იდეით, ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთში ჩამოყალიბებული ფინანსური ურთიერთობები შემდეგნაირად უნდა შეიცვალოს:
უწინარესად, კლუბებმა, რომელთა დანახარჯიც დროის გარკვეულ პერიოდში შემოსავლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, უნდა წარმოადგინონ ფინანსური დოკუმენტი, ან შემოსავლები და გასავლები გაათანაბრო. ამასთან, კლუბებმა ფეხბურთელთა ხელფასებისა და ტრანსფერების ანგარიში უნდა ჩააბარონ. ასეთმა ქმედებამ, ევროპული ფეხბურთის მმართველთა აზრით, ხელი უნდა შეუწყოს კლუბების საფეხბურთო სკოლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. იდეა ადვილად გასაგებია: რადგან ახალი ფეხბურთელების შესაძენად დიდი ფულის გადახდა შეუძლებელი იქნება, რათა კლუბი მინუსში არ აღმოჩნდეს, შემადგენლობის გასაძლიერებლად მას ახალი გზების ძებნა მოუწევს, ინვესტიციებს საკუთარ სკოლებში ჩადებენ და აქცენტს პერსპექტიული მოთამაშეების აღზრდაზე გააკეთებენ. კლუბების განვითარებაში დიდი როლი უნდა ითამაშოს მათმა ლიცენზირებამ, რომელიც რამდენინე საფეხურისაგან შედგება, ფინანსურ ანგარიშებსაც მოიცავს, ამ კუთხით, დიდი დანახარჯი და დავალიანება მისთვის ლიცენზიის ვერმიღების ტოლფასი იქნება, ულიცენზიო კლუბი კი ევროტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ბუნებრივია, რეფორმებმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა - ნაწილი სიახლის მომხრეა, ნაწილი, წინააღმდეგი. მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბევრად მეტი იქნებოდა, რეფორმები ეკონომიკური თვალსაზრისით კარგ პერიოდს რომ დამთხვეოდა, მაგრამ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, პლატინის წამოწყებას ფრთები შეასხა და ის უმეტესწილად დადებითად იქნა მიჩნეული. თავად უეფა-ს პრეზიდენტი, საკუთარ ქმედებას შემდეგ სიტყვებით ამყარებს: “არ მსურს უეფა-ს იმ პრეზიდენტად ყოფნა, რომელიც არაფერს შვება დანაშაულის აღმოსაფხვრელად და რისკიანი მენეჯმენტის სტრატეგიაზე თვალს ხუჭავს”. სიტყვების გასამყარებლად მიშელს სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ევროპის კლუბების ნახევარზე მეტი, წელიწადს დანაკარგით ასრულებს.
საფეხბურთო სოციალიზმის პოლიტიკის გატარების პარალელურად, უეფა-ს პრეზიდენტს შესაძლო უარყოფით შედეგებზე ფიქრი არ უნდა. ძალიან ბევრი არ ეთანხმება მის რეფორმას და ევროპის შეძლებულ კლუბთა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აჟღერებენ უეფა-სგან დამოუკიდებელი ლიგის შექმნის იდეას.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123184