მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ სილამაზისათვის არც იმხელა რისკზე უნდა წავიდეს ადამიანი, როგორც ეს ინგლისელი ფეხბურთელის – პიტერ კრაუჩის ცოლმა - აბიგეილ კლენსმა გააკეთა. აბიგეილმა შარშან სახის კანისა და ტუჩების კორექცია გაიკეთა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე დღის წინ, ლონდონის ერთ-ერთ პლასტიკური ქირურგიის კლინიკას მიაკითხა წელის ფორმების შეცვლისა და უკანალის გადიდების სურვილით. როგორც ჩანს, ექიმები მხოლოდ საქართველოს მსგავს ქვეყნებში არ ცდებიან და ინგლისშიც ხშირად ხდება სამედიცინო კაზუსები. სწორედ ასეთი შეცდომის მსხვერპლი გახდა მისის კრაუჩიც. საკმაოდ რთული ოპერაციის შემდეგ, აბიგეილ კლენსი ძალიან ცუდად გამხდარა. დაეწყო კანის მწვავე წვა და ექიმებს მის დასაშოშმინებლად ძლიერი გამაყუჩებლების გაკეთება დასჭირდათ. ამას გარდა, მისმა ორგანიზმმა ვერ იგუა ორგანიზმში ჩანერგილი უცხო სხეულები და ცალკე გართულებები კიდევ ამან გამოიწვია. ყველაფრის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რაკი მსგავსი ტიპის შედარებით მსუბუქი სახის ოპერაცია აბიგეილს უკვე გაკეთებული ჰქონდა, ექიმებმა საჭიროდ აღარ ჩათვალეს ახალი ოპერაციის წინ პაციენტის საფუძვლიანი კვლევა და უცებ გააქანეს საოპერაციო მაგიდისაკენ, რამაც საბოლოო ჯამში ამდენი პრობლემა გამოიწვია. ლონდონელი ექიმების თქმით, გართულებული ოპერაცია დამანგრევლად არ აისახება პიტერ კრაუჩის ცოლის ჯანმრთელობაზე და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას. თუმცა, ამის შემდეგ, ქალბატონი აბიგეილი სანამ მსგავსი ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს, აუცილებლად დაფიქრდება.







