ფეხბურთი

23:04 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტესტი: ქეცბაიას რჩეულებმა “სპარტაკს” 2:0 სძლიეს

თემურ ქეცბაიას მიერ შერჩეულმა საქართველოს ულეგიონერო ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” პირველი ტესტ-მატჩი გამართა. ნაკრებმა 2:0 სძლია ცხინვალის “სპარტაკს”. ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა: ლაშა პარუნაშვილმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციით ცხრიანში ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო მალევე თედო გრიგალაშვილმა მეკარე სოსლან ნანიევის მიერ მოგერიებულ ბურთს ახლოდან ფეხით დაამატა და 2:0.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ეროვნულ ნაკრებში ქეცბაიას 20-მდე ლეგიონერი ჰყავს გამოძახებული, საქართველოს ჩემპიონატიდან კი რამდენიმეს დაამატებს. ქეცბაიას სწორედ ამიტომ სჭირდებოდა ქართული კლუბების ფეხბურთელების უშუალოდ საქმეში ნახვა. დღეს “სპარტაკთან” მატჩი იყო, ხვალ საღამოს კი ასევე “მიხეილ მესხზე”, ქეცბაიას გუნდი ბოლნისის “სიონს” შეხვდება.

ქეცბაია “სიონთან” იმ რამდენიმე მოთამაშესაც გამოსცდის, რომლებსაც “სპარტაკთან” არ მოუწიათ გამოსვლა. კერძოდ, მეკარეებს – გიორგი ბეგაშვილსა და გიორგი ნადირაძეს (ეს უკანასკნელი “სპარტაკის” კარში იდგა პირველ ტაიმში). აქვე ვთქვათ, რომ კახა კაჭარავას გუნდს აკლდა 4 ფეხბურთელი: ლევან ჭაფოძე, ნიკა კაჭარავა, გიგი იოსელიანი და მერაბ გიგაური.

სამაგიეროდ, “სპარტაკში” ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც დიდი შანსია, ცხინვალელთა გუნდში დარჩეს – თუ 31 აგვისტომდე ვერ მოასწრო რომელიმე უცხოურ კლუბში წასვლა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი ირაკლი ძარიას ჰქონდა – ახლოდან ააცილა კარს. მეორე ნახევრის დასაწყისში ირაკლი ლექვთაძეს შეეძლო სპარტაკელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარე ქვილითაიამ იმარჯვა.

შედარებით გამორჩეულ ფეხბურთელად დავასახელებდით ლაშა პარუნაშვილს: ჯერ ერთი, ლამაზი გოლი გაიტანა და მეორეც, არაერთ ეპიზოდში კარგი ტექნიკა გამოამჟღავნა.

ქეცბაიას ფეხბურთელებიდან ერთი იყო უკლუბოდ: მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე. თუმცა გიორგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე საკადრო პრობლემებია, დიდი შანსია, ფოფხაძე საირლანდიო შემადგენლობაშიც დარჩეს.        

ქეცბაია: “უპირველესად, მადლობა ცხინვალის “სპარტაკის” ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ თამაშის საშუალება მოგვეცა. კმაყოფილი ვარ ბიჭების მოქმედებით. ამ ნაკრებიდან შესაძლოა ბევრი ვერ მოხვდეს საბოლოო სიაში, მაგრამ მათ შემდეგაც ექნებათ შანსი”.

მოკლედ, დაველოდოთ ხვალინდელ მატჩსაც. “სიონთან” თამაშის შემდეგ გავიგებთ ქეცბაიას რჩეულებს საქართველოს ჩემპიონატიდან და გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელი ლეგიონერთა სიასაც გამოაცხადებს.     

საქართველოს ნაკრები - სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (0:0)

ნაკრები: მიგინეიშვილი, ღონღაძე, გველესიანი, თედო გრიგალაშვილი, ფოფხაძე, ძარია, პაპავა, ცინცაძე, პაპუნაშვილი, დოლიძე, გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ქვილითაია, ნიკა ჭანტურია, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, პარუნაშვილი, ჩირგაძე.

სპარტაკი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბექა მუმლაძე, ბურძენაძე, თექთურმანიძე, ივანიშვილი, მერებაშვილი, მახარობლიძე, მაქაცარია.

შეცვლაზე შევიდნენ: ნანიევი, ჭეჭელაშვილი, შენგელია, ლექვთაძე, ჯიშკარიანი, ქემოკლიძე, ფოცხვერია, სეფიაშვილი, კემუხტაშვილი, შინდაგორიძე.

გოლები: 1:0 პარუნაშვილი (52), 2:0 თედო გრიგალაშვილი (58)

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.330017