თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატზე, პირველ სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში ჩასატარებელი ფინალური შეხვედრებიღა დარჩა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის დავით ასუმბანი და ბეთქილ შუკვანი იჭიდავებენ, თუმცა ჯერ უცნობია შესძლებს თუ ვერა შუკვანი ტატამზე გასვლას, ნახევარფინალში პაატა მერებაშვილთან მიღებული ტრავმის გამო. ამ შეხვედრაში მსაჯებმა მერებაშვილის მიერ შესრულებული ილეთი წესების დარღვევად ჩათვალეს და დისკვალიფიკაციით დასაჯეს, შესაბამისად მერებაშვილი ვერც რეპეშაჟში გადაერთო და ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალს უკვე დაეუფლა, მეორე ბრინჯაოსთვის კი, ტრისტან ფეიქრიშვილი და ვალერი ლაფერაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
66 კილოგრამის ფინალის საგზური შალვა ქარდავამ და გიორგი შოშიაშვილმა მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის ზურაბ გუჩმაზოვი სანდრო იაკობაშვილს შეხვდება, ხოლო ანდრო ბერიაშვილი - ლევან ჩუბინიძეს. 73 კილოგრამის ფინალში თენგიზ პაპოშვილი და ზურაბ ნოზაძე იჭიდავებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის წყვილები ასე გადანაწილდნენ: ზებედა რეხვიაშვილი - ზვიად ბაზანდარაშვილი, ამბაკო ავალიანი - დავით კობერიძე.
ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
ოთარ მაღლაკელიძე







