ფეხბურთი

15:53 | 22.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

პერტია არველაძეს ემადლიერება

ლატვიური საფეხბურთო კლუბის, დაუგავპილსის "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს სტაჟირებაზე“კაისერისპორში” იმყოფებოდა, გამოცდილების მიღების ასეთი შანსისთვის, თურქული გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს ემადლიერება.
“ამ სტაჟირებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლებლობა მქონდა, ორ თეორიულ მეცადინეობას დავსწრებოდი. მადლობელი ვარ შოთასი, რომელმაც საშუალება მომცა კლუბში არსებული მთელი ატმოსფერო შემეგრძნო. მინდა გითხრათ, რომ ამ გუნდის ვარჯიშები ისე ორგანიზებულად მიმდინარეობდა, მეჩვენებოდა, თითქოს მხოლოდ 20 წუთი გრძელდებოდა. ვარჯიშებზე აქცენტი შეტევაზე კეთდებოდა. ეს იქიდან გამომდინარეც იყო, რომ “კაისერისპორს” თამაშის ჩატარება ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან უწევდა. ჩვენ დროს, საქართველოში, შოთა ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი იყო. თავისი ამპლუის გამო, შეტევით მოქმედებებში ის თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ის ცდილობს საკუთარი ცოდნა გუნდს გაუზიაროს. არ დაგიმალავთ, ზოგჯერ ვკამათობდით კიდეც. ამ კამათის დროს ჩემთვის სასარგებლო დასკვნებს ვაკეთებდი. ბევრი ახალი რამ ვნახე. შოთას კითხვებს ვუსვამდი და ამომწურავ პასუხებს ვიღებდი. ეს გამოცდილება, “დაუგავაში” მუშაობაში გამომადგება”, – განუცხადა პერტიამ “დაუგავას” ოფიციალურ ვებ-გვერდს.  
მისი თქმით, “კაისერისპორის” მაგალითზე დარწმუნდა, რომ გუნდის წარმატებისთვის, ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, სხვა ფაქტორებია:
“საშინაო თამაშში, როდესაც გუნდი 2:0 იგებდა, “კაისერისპორის” ყველა ფეხბურთელი “ლომივით” იბრძოდა. მივხვდი, რომ სწორი საწვრთნელი პროცესი, კარგი ინფრასტრუქტურა, ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. “კაისერისპორი”, თურქულ გრანდებთან შედარებით მცირე ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, მე-4 ადგილზეა და ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლა შეუძლია”.     
რიგელთა თავკაცმა “კაისერისპორის” ახალგაზრდა ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა გამოარჩია და აღნიშნა, რომ ეს გასათვალისწინებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ლატვიელებისთვის, არამედ, ქართველებისთვისაც:
“ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მოვიდნენ. საწვრთნელი პროცესის დროს ახალგაზრდებსა და უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი. ვარჯიშის შემდეგ, თითოეული ახალგაზრდა რჩება და საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობს. ასევე, შევნიშნე, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაუშვებლად მიიჩნევს, ფეხბურთის გარდა სხვა საქმით დაკავდეს”.  

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090063