ინგლისის “ლივერპულს” ამჟამად არცთუ კარგი დროება უდგას. მერსისაიდელები უკვე გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგას და საქმეები კარგად არც პრემიერლიგაში მისდით. ლივერპულელთა კარის დარაჯი, ხოსე მანუელ რეინა, DonBalon-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს როგორც თავად “ლივერპულზე”, ასევე ესპანურ ფეხბურთზეც. ესპანელმა კიპერმა არა მხოლოდ თავისი კლუბის კარის, არამედ ბენიტესის და პელეგრინის დაცვაც კი ითავა.
- “ლივერპულის” თამაშის დასრულების შემდეგ პირველ რიგში კითხულობთ, თუ რა შედეგი აჩვენა “ვილიარეალმა”, შემდეგ კი “ბარსელონამ”. რატომ?
- პირველ რიგში ყოველთვის მაინტერესებს “კორდობას” შედეგები, რადგან ძალიან მინდა ეს გუნდი უმაღლეს დივიზიონში ვიხილო. კლუბის გულშემატკივრები და ქალაქი იმსახურებენ იმას, რომ მრავალი წლის შემდეგ “კორდობა” უმაღლეს დონეზე მოთამაშე იხილონ. იმედი მაქვს, მათ დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ.
- ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” უკეთ გამოიყურება, ვიდრე “რეალი”...
- მეცინება მათზე, ვინც პელეგრინის აკრიტიკებს. ჟურნალისტების შეფასებები არაოიბიექტურია და ისინი დიდწილად შედეგებზეა დაფუძნებული. პელეგრინიმ ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ მოაგებინა გუნდს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის მიერ დარიგებული “რეალი” “სამეფო თასზე” დამარცხდა. პელეგრინის სათადარიგოთა სკამიდან არც მოგება შეუძლია და არც წაგება. ასე რომ, პასუხისმგებლობა მხოლოდ მან არ უნდა აიღოს.
- პელეგრინის იმიტომ ხომ არ იცავთ, რომ მასთან ერთად “ვილიარეალში” მუშაობდით?
- დიახ, მაგრამ კიდევ იმიტომ, რომ იგი იმსახურებს ნდობას, მინიმუმ სეზონის ბოლომდე მაინც. გასაგებია, რომ “რეალს” სურს ტიტულების მოგება, მაგრამ თუ გუნდი მიზანს ვერ მიაღწევს, მაშინ შეიძლება მწვრთნელზე ლაპარაკი.
- პელეგრინის ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი ლმობიერი მწვრთნელია...
- არმგონია ასე იყოს. საკუთარი თვისებები მწვრთნელმა გასახდელში უნდა აჩვენოს და არა საზოგადოების წინაშე. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც თამაშის დროს სათადარიგოთა სკამიდან თავის ფეხბურთელებს უყვირიან, მაგრამ გასახდელში მორცხვები და შეშინებულები არიან.
- ჩილელი მწვრთნელისთვის “რეალი” ზედმეტად დიდი კლუბი ხომ არაა?
- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ პელეგრინის აქვს “რეალის” მწვრთნელობისთვის საკმარისი კვალიფიკაცია. დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს მის მიერ მიღწეულ დადებით შედეგს ვიხილავთ.
- ვენგერი ახლოს იყო “რეალის” ჩაბარებასთან. როგორ ფიქრობთ, მან სწორი ნაბიჯი გადადგა ინგლისში დარჩენით?
- ვენგერს ესპანეთში არ ექნებოდა ის სტაბილურობა, რაც ინგლისში აქვს. როდესაც იბარებ “რეალს”, ან “ბარსელონას”, უნდა იცოდე, რომ შედეგებზე ხარ დამოკიდებული. ინგლისში ასე არაა. აქ პატივს გცემენ და თუ შენ ახალი პროექტის ფუნდამენტი მაინც გაქვს, მაშინ საკმარის დროს გაძლევენ.
- მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” საქმეები ძალზე ცუდად მისდის...
- სამწუხაროდ ასეა. მოვლენები იმაზე ცუდად განვითარდა, ვიდრე სეზონის დასაწყისში ამის წარმოდგენა შეგვეძლო. გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია. ტორესი, რიერა, ბენაიუნი... ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იღბალი, რომ ყველაფერი კვლავ წესრიგში მოექცეს.
- პრემიერლიგაში საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებით...
- ყველაზე კარგი ისაა, რომ პრემიერლიგაში ჯერ კიდევ ბევრი მატჩია სათამაშო და სიტუაციის გამოსწორების შანსი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი უკვე შეიძლება ითქვას, წარუმატებლად გამოვედით.
- გუნდს აკლია ფერნანდო ტორესი.
- ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ გუნდმა უნდა შეძლოს მის გარეშე ფონს გასვლა. ფერნანდომ არაერთხელ ითამაშა ტკივილის ქვეშ და ეს გააკეთა გუნდისთვის. ვიცით, რომ როდესაც ტორესი თავისი შესაძლებლობების 70% ავლენს, იგი ბევრად სახიფათოა, ვიდრე სრული ძალით მოთამაშე არაერთი თავდამსხმელი. ახლა უმთავრესი მისი რაც შეიძლება მალე დაბრუნება კი არა, სრულად გამოჯანმრთელებაა.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტორესი არის ლიდერი, მნიშვნელოვანი ფიგურა...
- ფერნანდომ ეს თავისი შესანიშნავი თამაშით და გატანილი გოლებით დაიმსახურა. როდესაც ტორესი თამაშობს, “ლივერპული” ერთი გუნდია, როდესაც არა – მეორე. საქმე ისე კი არაა, რომ ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ფერნანდოზე, არამედ ის, რომ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი მოედანზე ყოფნა ნიშნავს, რომ მეტოქის მცველები შეშინებულნი არიან.
- შესაძლოა ბენიტესის სიტყვებს გუნდში იმხელა ძალა აღარ აქვთ, რადგან ისინი უკვე მომაბეზრებელია...
- არა, ასე სულაც არაა. მწვრთნელს ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს. იგი საუკეთესო მწვრთნელია. ბენიტესს შეუძლია ფეხბურთელისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება. მან “ლივერპულისთვის” ბევრი რამ გააკეთა და განაგრძობს კიდეც იგივეს კეთებას.
- მაგრამ არაა მომაბეზრებელი ისეთი მწვრთნელი, რომელიც გამუდმებით სრულყოფილებისკენ ისწრაფვის?
- არა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბენიტესს. იგი არ იცვლება, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობა.
- “ლივერპულს” რთული დროება უდგას. ბენიტესისთვის ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ შეგიმჩნევიათ?
- არა, არ შემიმჩნევია. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს მას მუშაობის გაგრძელების კიდევ უფრო დიდი სურვილი აქვს. იგი საკუთარ თავში დარწმუნებულია. როდესავ ბენიტესი თავს კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობს, საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. მწვრთნელი შექმნილ მდგომარეობას სწორად აფასებს და ჩვენი გულშემატკივრები მშვიდად არიან, რადგან იციან, რომ იგი გამოსავალს იპოვნის.
- “ენფილდზე” არავის მოუთხოვია ბენიტესის წასვლა?
- ყველამ იცის, რომ ამჟამად კლუბი წარუმატებლად ასპარეზობს, მაგრამ ისიც იციან, რომ კრიზისი დასრულდება. ინგლისში მომთმენი გულშემატკივრები არიან.
- ინგლისისგან განსხვავებით, ესპანურ კლუბებს არ ჰყავთ მენეჯერები. კარგია ეს, თუ ცუდი?
- ცუდი. კარგად ვიცი როგორც ესპანური, ასევე ინგლისური კლუბების სტრუქტურა. ინგლისში ყველაფერს ერთი ადამიანი მართავს. ესპანეთში კი ფუნქციები გადანაწილებულია. მმართველობის ამ ორი ფორმიდან უპირატესობას ინგლისურს ვანიჭებ. გარდა ამისა, ესპანეთისგან განსხვავებით, აქ ნაკლებია პრესის ზეწოლა.
- და რას ნიშნავს ეს?
- იმას, რომ ინგლისში აღმერთებენ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. ესპანეთში ასეთი რამ იშვიათად ხდება. იქ სულელური დისკუსიების გასაჩაღებლად ხშირად თითიდან გამოწოვილ ფაქტებს იყენებენ.
- “ჩელსი” კარგად გამოიყურება...
- ეს კარგად შეკრული გუნდია. ფიზიკურად ლონდონური კლუბი ძალზე ძლიერია, ტაქტიკურად – დისციპლინირებული. “ჩელსის” არაერთ ფეხბურთელს აქვს მატჩის ბედის გადაწყვეტის ნიჭი. მართალია, არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ლონდონელები პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან.
- რას გვეტყვით დროგბაზე?
- მას თითქმის ყოველთვის გააქვს. დროგბა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის შედის რონალდუსთან, მესისთან, ტორესთან, კაკასთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად. დროგბა ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, მაგრამ მას, როგორც არავის, ძალუძს დაცვითი ხაზის გარღვევა.
- არც მეორე ლონდონური კლუბი, “არსენალი” დასუსტებულა...
- ეს კლუბი არ ცვლის თავის ფილოსოფიას, რომელიც ლამაზ ფეხბურთზეა დაფუძნებული. მისი მთავარი ძალა ფაბრეგასია, რომელიც ისე თამაშობს, თითქოს მთელი ცხოვრება პრემიერლიგაში ასპარეზობდეს. მისი შესაძლებლობები არ შეესაბამება ასაკს. “არსენალის” თამაში დიდწილადაა ფაბრეგასზე დამოკიდებული.
- ესპანეთის ჩემპიონატში არცთუ ბევრი ვარსკვლავი მიდის პრემიერლიგიდან.
- ეს იმიტომ, რომ ყველას უჭირს პრემიერლიგის დატოვება. ესპანელები ცდილობენ მოხვდნენ ინგლისურ ფეხბურთში და არა პირიქით. დღესდღეობით პრემიერლიგა საუკეთესოა.
მიშა ზაქარეიშვილი







