ინტერვიუები

10:40 | 23.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაულო სერჟიო: "გუნდი", რომელსაც ქრისტე მოძღვრავს, წაუგებელს თამაშობს"

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი პაულო სერჟიო სილვესტრე ნასიმენტუ 9 სეზონის განმავლობაში (1993-2002) გერმანულ ბუნდესლიგაში თამაშობდა. ალემანთა უპირველეს დივიზიონში იგი ჯერ ლევერკუზენის “ბაიერის” ღირსებას იცავდა, შემდეგ “რეკორდმაისტერში” - მიუნხენის “ბაიერნში” გამოდიოდა. სწორედ ბავარიელთა საყვარელ გუნდში ასპარეზობისას შეძლო ყველა უმაღლესი საკლუბო ტიტულის მოხვეჭა. ბრაზილიელი ორჯერ გერმანიის პირველობის გამარჯვებული გახდა, ალემანთა ეროვნულ თასსაც დაეუფლა, საერთაშორისო არენაზე კი, 2 ყველაზე პრესტიჟული თასი (ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო) მოიპოვა. სამშობლოში პაულო სერჟიო “კორინთიანსში” თამაშობდა. ლევერკუზენული და მიუნხენური კარიერის შუალედში იგი იტალიის უპირველეს სერიაში მოასწრო ძალის მოსინჯვა და აპენინის ნახევარკუნძულის სტადიონებზე “რომას” მაისურათი გადიოდა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პაულო სერჟიო ბრაზილიაში დაბრუნდა და ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა - მან ღვთისმსახურებას მიჰყო ხელი.

- ჯერ კიდევ მოთამაშეობისას ღრმად მორწმუნე ადამიანის სახელი გქონდათ დამკვიდრებული. ასე რომ, თქვენი მღვდლად კურთხევა გერმანიაში დიდად არავის გაჰკვირვებია...
- ამჟამად ბრაზილიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ეკლესიის მოძღვარი ვარ. ჩვენი მრევლი არცთუ დიდია, სულ რაღაც 200 ადამიანს ითვლის, მაგრამ ყოველი მათგანი ჩემი სულიერი შვილია. ისინი რეგულარულად ესწრებიან წირვა-ლოცვას, ამასთან, სხვა დროსაც საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ. მრევლთან ურთიერთობისას ღმერთს კიდევ უფრო ვუახლოვდები. უღრმესი მადლობა შემოქმედს, რომ ასეთი საინტერესო ცხოვრებისეული გზის გავლა მარგუნა. ისე კი, ფეხბურთელთაგან მღვდლობა პირველს არ ამირჩევია. მიუნხენში ჩემზე ადრე ჟორჟინიომ დაიწყო ღვთისმსახურება. გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა, სადღეისოდ პასტორი რომ ვარ.
- კარგა ხნის განმავლობაში გერმანულ ბუნდესლიგაში გამოდიოდით. ამ ქვეყანაში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?
- ყოველთვის ვამბობდი და ამჯერადაც დაგიდასტურებთ - გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა. ლევერკუზენსა და მიუნხენში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. გერმანიაში ყოფნისას აქაური კულტურა კარგად გავითავისე და უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შევიძინე. ალემანიაში გატარებულ დროს ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ. საფეხბურთო თვალსაზრისით კი, ბუნდესლიგაში მართლაც საოცრად ნაყოფიერი კარიერა მქონდა.
- უპირველესად, ალბათ, მიუნხენის “ბაიერნში” გატარებულ პერიოდს გულისხმობთ. სწორედ ამ კლუბში გამოსვლისას აისრულეთ ნებისმიერი მოთამაშის სანუკვარი ოცნება - ბუნდესლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებული ვერცხლის სინი დაიმსახურეთ და ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლეთ...
- ფეხბურთში მართლაც ბევრს მივაღწიე. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, “ბაიერნის” რიგებში გამოსვლისას რაც მოვიგე, ცოტა ხნის წინ თავადაც ახსენეთ. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ისაა, სპორტმა ყოველდღიურ უანგარო, მუხლჩაუხრელ მუშაობას რომ შემაჩვია და ამასთან, ბევრი ერთგული მეგობარი შემძინა.  
- გერმანიაში სტუმრობას თუ ახერხებთ?
- მიუნხენში საკმაოდ ხშირად ჩავდივარ. როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, შანსს ხელიდან არ ვუშვებ, ბავარიაში მიმავალი უახლოესი რეისის ავიაბილეთს ვყიდულობ და მონატრებული ადგილების მონახულებით გულს ვიჯერებ ხოლმე. იმედი მაქვს, ჩემი შვილი კარგი ფეხბურთელი დადგება და ბუნდესლიგაში მამაზე არანაკლებ კვალს დატოვებს. ჯერჯერობით იგი ჭაბუკთა შორის ბურთაობს, მისი მწვრთნელი კი მეუბნება, მომავალში მშვენიერი პერსპექტივა ელისო. ყველაფერი ღვთის ნებაა, ვნახოთ, როგორ საფეხბურთო ბედს დაანათლებს მამა¬ზეციერი ჩემს ბიჭუნას...
- 2006 წლის მუნდიალის მატჩებს თვალი ტრიბუნიდან მიადევნეთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე იმ მუნდიალმა და ბრაზილიელთა გამოსვლამ? რას ელით წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ ჩემპიონატისგან?
- გითხრათ ნამდვილი, ბევრის მსგავსად, ბუნდესნაკრებმა მეც გამაკვირვა. ფეხბურთელები თამაშში სულს და გულს დებდნენ. მთლი-ანობაში ტურნირმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რასაც ბრაზილიელთა გამოსვლაზე ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. ასე უნიათოდ და უილაჯოდ მოთამაშე “სელესაო” ჯერ არ მინახავს. მთელი 4 წლის განმავლობაში ბრაზილიელი გულშემატკივრები მსოფლიოს ჩემპიონატს მოუთმენლად ელიან, რათა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შთა-გონებული, ლამაზი და მონდომებული თამაში იხილონ, რასაც საბოლოო ტრიუმფიც უნდა მოჰყვეს. კარლოს ალბერტო პარეირამ ქომაგებს იმედი ვერ გაუმართლა, ვნახოთ, რას იზამს დუნგა. პირადად მე მისი მწამს. დუნგასთან ერთად მითამაშია და მისებრი ხასიათის ადამიანი კარგი მწვრთნელი დგება ხოლმე. იმედია, ბრაზილია მუნდიალის გამარჯვებული გახდება.
- ბრაზილიაში, ალბათ, ხშირად საუბრობთ გერმანულ ფეხბურთში გატარებულ პერიოდზე. რას უამბობთ ხოლმე ახალგაზრდა მოთამაშეებს ბუნდესლიგის შესახებ?
- ყოველთვის ვცდილობ დამწყებ ფეხბურთელებს დავეხმარო და ჩემს მიერ დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილება გავუზიარო. ბიჭუნებს გერმანული კულტურის თაობაზეც ვესაუბრები. სან-პაულუს საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ. დაახლოებით 400 სოციალურად დაუცველი მოზარდი ფეხბურთში ჩავაბით და მოხარული ვიქნები, თუკი, მომავალში რომელიმე მათგანი გზას გერმანული ბუნდესლიგისკენ გაიკაფავს. ჩემი მხრიდან, მზად ვარ, მიუნხენის “ბაიერნს” შორეული ბრაზილიიდან დახმარებისა და თანამშრომლობის ხელი გავუწოდო. ყოველ შემთხვევაში, თუკი, ბავარიელთათვის შესაფერისი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას სახელოვან კლუბში ჩასარიცხად.
- ერთხელ განაცხადეთ, “იმ გუნდში ვთამაშობ, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს”. რომელი გუნდი გყავთ მხედველობაში?
- რომელსაც იესო ქრისტე მოძღვრავს. ამ “გუნდში” ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენ წაუგებელ თამაშს ვთამაშობთ. სადღეისოდ ბურთი არ მჭირდება. ჩემი ამჟამინდელი იარაღი უფლისადმი უსაზღვრო რწმენაა.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091432