დავით ყიფიანი ჰაერში ბურთს გარე ტერფით ეხება და ერთ შეხებაში გენიალურ პასს უკეთებს რამაზ შენგელიას, რომელიც მომენტალურად ურტყამს და როტერდამში "ფეინოორდთან" გოლი გააქვს. უნამუსო ავსტრიელმა მსაჯმა ყველასთვის გაუგებრად (თუმცა, იმ შეხვედრაში კიდევ იმდენი ლაფსუსი აკეთა, სიტყვა "გაუგებრად" ზედმეტიცაა, ყველაფერი გასაგები იყო) გააუქმა.
ეს ვიდეო "მსოფლიო სპორტის" საიტზე დევს და ათჯერ რომ ნახო, არ მოგწყინდება კაცს. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ბევრჯერ ვნახე.
ალბათ, იმიტომ ვნახე, რომ ფეხბურთში არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც სწრაფი აზროვნება და ნათელი გონება. ალბათ, იმიტომ, რომ ჯენარო გატუზოს ას "პადკატს" მირჩევნია ის ერთი პასი. ეს მართლაც ხელოვნების ნიმუში იყო.
ვუყურებ და თან გული მწყდება. ეს იყო 30 წლის წინ და სად დაიკარგა ქართული ინტელექტი, რატომ ვეღარ ვხედავთ მსგავს ეფექტებს, რომელსაც აღტაცებისგან ჭერში აჰყავს გულშემატკივარი?
იტყვით, ის ყიფიანი იყო და დღეს ნამეტანს ხომ არ ითხოვო. გასაგებია, რომ ის ყიფიანი იყო, მაგრამ დღესდღეობით, ზოგადად პასის კულტურაა ჩამკვდარი ქართულ ფეხბურთში. ხომ შეიძლება, ეროვნულ ჩემპიონატში ას მატჩში ერთხელ მაინც ვნახოთ დახატული პასი, დიდი ფეხბურთის პატარა ნაგლეჯი მაინც...
მაგრამ, მგონი, ვხდები სადაც ჩაკვდა პასი.
ბავშვთა თამაშებზე და ვარჯიშებზეც ხშირად დავდივარ, ჰოდა, ჯერ ვერ ვნახე, სადმე აქცენტი კეთდებოდეს სწრაფ აროვნებაზე, პასის კულტურაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან - ბავშვმა ქუსლით გააკეთა პასი, რაც იმ მომენტში საუკეთესო სვლა იყო, ადრესატმა ბურთი მიიღო და გაიტანა.
და გგონიათ, მწვრთნელმა შეაქო ასისტენტი?
"ბიჭო, ბურთი რომ დაგეკარგა, სად მიდიოდი? ქუსლი და ეგეთები აღარ დავინახო"
სხვა მაგალითიც - ბავშვთა მატჩის დროს ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი აქცენტს მთლიანად შორიდან დარტყმებზე აკეთებდა. ეს როგორ? ცხრა ცხრაზე თამაშობდნენ და ერთი გუნდის 7 ფეხბურთელი (მეკარის გარდა) გათიშული იყო, მათ მხოლოდ ერთი დავალება ჰქონდათ - როგორმე ბურთი მიეტანათ იმ ბიჭისთვის, რომელიც შორიდან კარგად უტყამდა. თუ ამას ვერ მოახერხებდნენ, ჯარიმა მაინც აეკიდებინათ, ის ბიჭი კი გაისროდა და ათიდან ერთხელ მაინც როგორ ვერ შეაგდებდა?
ახლა კითხვა - რაიმე შანსი არის, რომ იმ 7 ბავშვიდან რომელიმე ფეხბურთელი გამოვიდეს? არანაირი.
ვის ახსოვს რაიმეს სწავლა, 10-11 წლის ბავშვს გონებაში მხოლოდ ერთი რამ ჩაუნერგეს - შედეგი. ხომ შეიძლება, პასი ჩაგიჭრან, მერე სად მიდიხარ?
კარგად ვიცი, რამდენიმე საფეხბურთო სკოლაში აქცენტი მთლიანად გაკეთებულია მორბენალ ბავშვებზე. რამდენ წამში დარბის ას მეტრს? 13-ში. ესე იგი, "იგროკი" დადგება.
კიდევ კარგი, ყველა სკოლაში ასე არაა, მაგრამ გვერწმუნეთ, ძალიან ბევრგანაა. ეს სამხედრო სამსახურივითაა და ბავშვები ჯარისკაცის როლს ასრულებენ. ჰოდა, იმიტომაც გაქრნენ ქართულ ფეხბურთში "ფანტაზისტები", იმიტომ ჩაკვდა პასის კულტურა.
კარგად გაგვიგეთ, მაინცდამაინც ახალ ყიფიანს არ ვითხოვთ. უბრალოდ, მოაზროვნე ფეხბურთელები გვენატრება და ასეთებს თავიდანვე გზა მიეცით... მიბაძონ მაინც გენიალურ ყიფიანს.
ილია ნანობაშვილი







