4-5 თებერვალს მსოფლიოს ძიუდოს ეპიცენტრი პარიზში იქნება. საფრანგეთის დედაქალაქი დიდ სლემს უმასპინძლებს. უპრესტიჟულესი ტურნირი ვარსკვლავების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. გამონაკლისი არც წლევანდელი სლემი იქნება. მით უმეტეს, რომ მას ერთი დამატებითი დატვირთვაც აქვს - პარიზში ძიუდოისტები ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონობა 300 ქულად ფასობს, ვერცხლი - 180, ხოლო ბრინჯაო – 120 ქულად.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 8-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა 60, 66, 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში თან თითო შეგირდი იახლა. 73 კილოგრამში არც ერთი სპორტსმენი არ შეიყვანა განაცხადში, ხოლო 90 და +100 კილოგრამებში ორ-ორი რჩეული დაასახელა. უკვე კენჭისყრაც გაიმართა და დაზუსტდა, რომ დიდ სლემზე 97 ქვეყნის ძიუდოისტები იჭიდავებენ.
შაბათს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან, ხოლო კვირას – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.
ამირან პაპინაშვილი (60 კგ) საქმეში პირდაპირ მესამე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება და ლატვიელ ანდრეის მაგერსსა და ფინელ იუჰო რეინვალს შორის მოგებულს დაეჭიდება. შალვა ქარდავა (66 კგ) მეორე წრეში – ოცდამეთორმეტედფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე გევორქ გევორქიანისა და ზამბიელი მეტიუს პუნზას წყვილში საუკეთესოს შეხვდება. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს ტურნირს. იქამდე კი ორი წრე ჩაჭიდავდება. ქართველი ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქეები არიან: უზბეკი სუნატულა აზიმოვი, მონღოლი ტუვშინიარგალ განი და თურქი აჰმეთ სარი.
ზურაბ ზვიადაური (90 კგ) ოცდამეთორმეტედფინალში მონღოლ ენხბარ ერდენებილეგს დაუპირისპირდება და თუ აჯობებს, თბილისის მსოფლიოს თასის ლიტველ ფინალისტთან, კაროლის ბაუზასთან მოუწევს შეხვედრა. ამავე წონაში ვარლამ ლიპარტელიანი კიმონოს პირდაპის მეთექვსმეტედფინალიდან მოირგებს, სავარაუდოდ, პოლონელ კრჟიშტოფ ვეგლარზთან დასაპირისპირებლად.
ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) ოცდამეთორმეტედფინალში მეტოქედ კუბელი ხოსე ალმენტეროსი ერგო. ამავე ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ), ესპანელ ანხელ პარასთან ან არგენტინელ ორლანდო ბაჩინოსთან შეხვედრით. მეორე ქართველი მძიმეწონოსანი, თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი კი ოცდამეთორმეტედფინალით დაიწყებს და მოწინააღმდეგედ ეგვიპტელი მოჰამედ მოტიე ეყოლება.
ოთარ მაღლაკელიძე







