საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის დიდი სლემის პირველი დღე ერთი მედლით ჩაამთავრა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაო გაინაღდა. კიდევ ორი მოგება და ჩემპიონობითაც გაიხარებდა, ამასთან, საქართველოს ნაკრები პარიზული ტურნირის ოქროს უმსუბუქეს წონაში ზედიზედ მეორედ მოიპოვებდა. შარშან, საფრანგეთის დედაქალაქში დავით ასუმბანმა იპირველა. მაშინ მან ნახევარფინალში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის, უზბეკი რიშოდ სობიროვის დამარცხება შეძლო.
პაპინაშვილიც სობიროვს გადაეყარა და ისიც ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, მაგრამ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ამჯერად უფრო შედეგიანად იჭიდავა. არადა, იპონის შესრულებამდე ვაზარით აგებდა... ამ შეხვედრამდე ამირან პაპინაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა. ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ფინელ იუჰო რეინვალს ვაზარით გასცდა, ჩინელ ა ლამუსს ორ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა, მეოთხედფინალში კი გერმანელ ტობიას ენგლმაიერს იუკოთი აჯობა.
მეორე ქართველი მსუბუქწონოსანი, ბეთქილ შუკვანი მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა, სომეხ ჰოვანეს დავთიანთან წაგებით. იქამდე შუკვანმა საუდის არაბეთის წარმომადგენლის, ეისა მაირაშის დასაიპონებლად წუთნახევარი იკმარა, ხოლო ჩეხ პაველ პეტრიკოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე.
ფინალში ქართველების მძლეველებმა იჭიდავეს. სობიროვმა დავთიანიც იპონით დაამარცხა და ისედაც ბრწყინვალე პირადი რეიტინგი კიდევ 300 ქულით გაიუმჯობესა.
შაბათს მედლები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს 66-ში მონაწილე არ ჰყავდა, 73-ში კი კიმონო ორმა ძიუდოისტმა მოირგო. ნუგზარ ტატალაშვილი ებრაელ იოზეფ პალელაშვილს 3 წუთში შესრულებული 2 ვაზარით გასცდა, მაგრამ მეორე წრეში, ტაჯიკ რასულ ბოქიევთან ორთაბრძოლა ჰანტეითი წააგო. თენგიზ პაპოშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი სამხრეთკორეელი ვონ იუნ კიმი აღმოჩნდა. ამ მერვედფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა 2 მოწინააღმდეგე ჩამოიცილა – ნიგერიელ აბას სალიჰუს წუთნახევარში სძლია, ხოლო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს – სამწუთნახევარში.
73 კილოგრამში დიდი სლემი წაუგებლად იაპონელმა რიკი ნაკაიამ ჩაიჭიდავა. მის გაჩემპიონებამდე ცოტა ხნით ადრე კი დარბაზში შეკრებილთ იაპონიის ჰიმნი იუნპეი მორიშიტამ (66 კგ) მოასმენინა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა ოთხ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ორი ოქრო მასპინძლებმა მიითვალეს, ხოლო თითო – მონღოლებმა და იაპონელებმა.
6 თებერვალს მედლები კაცთა ოთხ და ქალთა სამ დარჩენილ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს კაცთა ნაკრებს 81 კილოგრამში ორი მონაწილე ეყოლება: ლევან წიკლაური და ლაშა ზურაბიანი. 90, 100 და +100 კილოგრამებში კი კიმონოს თითო ქართველი მოირგებს – ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
ზურაბიანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, უზბეკ მუმინ ნაბიევთან შეხვედრით. ამათ შორის გამარჯვებული კი მაროკოელ საფუან ატაფს დაეჭიდება. წიკლაური სულაც მესამე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან გავა ტატამზე და მისი მეტოქე ფინელი ანტი ვირტასა და ყატარელი ავად ნაემის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ლიპარტელიანიც პირდაპირ მესამე წრით – მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს. იქამდე ქართველ ძიუდოისტთან დასაჭიდებლად იორდანიელი იბრაჰიმ ხალაფი და ჰოლანდიელი რობი ვან ლაარჰოვენი იბრძოლებენ. ჟორჟოლიანი დიდ სლემს პოლონელ ტომაშ დომანსკისა და ფრანგ მაელ ლე ნორმანდის წყვილში გამარჯვებულთან შეხვედრით გახსნის, ხოლო ოქრუაშვილის მეტოქე ბულგარელი ივან ილიევი იქნება. მოგებით ორივე მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო. დიდი სლემი
პარიზი. 5 თებერვალი
კაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
9 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
66 კგ
1 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
2 არმენ ნაზარიანი (სომხეთი)
3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)
2 ატილა უნგვარი (უნგრეთი)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
9 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
17 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 დაიარის ალვარესი (კუბა)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
52 კგ
1 ბუნდმა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
2 სორაია ჰადადი (ალჟირი)
3 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 პრისცილა გნეტო (საფრანგეთი)
57 კგ
1 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
2 აიკო სატო (იაპონია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
63 კგ
1 ჟევრის ემანი (საფრანგეთი)
2 ლილი ქსუ (ჩინეთი)
3 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
3 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)







