ძიუდო

17:29 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და შავდათუაშვილი ოქროს უტევენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) დიუსელდორფში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე – “დიდ პრიზზე” წაუგებლად გამოდიან და ჩემპიონის ტიტულს ორ-ორი გამარჯვება აშორებთ. შალვა ქარდავა (66 კგ) კი რეპეშაჟის ნახევარფინალშია.
პაპინაშვილმა ბელგიელი სენ ვინსი, ყაზახი იერკებულან კოსაიევი და მატიაზ ტრბოვჩი ისე ჩამოიშორა, საჭიდაოდ დაწესებული 5 წუთი სრულად ერთხელაც არ დასჭირვებია. ნახევარფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის უმსუბუქეს წონაში რუსეთის ნაკრების წევრი არამ გრიგორიანი და ბრაზილიელი დიეგო სანტოსი იბრძოლებენ.
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალის გზაზე ჰოლანდიელი იასპერ დე იონგი 4 შიდოთი დაამარცხა, სამხრეთკორეელ ჯუნ-ჰიუნ ჩოს იპონით აჯობა. აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს კი ვაზარი აკმარა და ფინალში გასასვლელად იაპონელ მასაში ებინუმას შეხვდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი იაპონელმა მასააკი ფუკუოკამ და მონღოლმა მიარაგჩა სანიაასურენმა შეადგინეს.
შალვა ქარდავამ ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან წაგების შემდეგ. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ესპანელი სუგოი ურიარტე იქნება.
დღესვე გერმანულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ამბაკო ავალიანი და გიორგი ნოზაძეც (ორივე 73 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159125