ინტერვიუები

10:10 | 22.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო კანავარო: “ოცნება არავის ეკრძალება”

“ლივორნოსთან” გასამართი მატჩის წინ, “ნაპოლის” კაპიტანი, პაოლო კანავარო აცხადებს, რომ მთელს მის გუნდს სურს ევროზონის ადგილის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება.
- უკვე 13 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობთ. კიდევ ოცნებობთ სხვა რამეზე?
- ოცნება არავის ეკრძალება. ჩვენი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. ამ წარმატებული სერიის დროს არაერთ გუნდს შევხვდით. მათ შორის იყვნენ გრანდებიც და სუსტი გუნდებიც. ასე რომ, საკუთარი შესაძლებლობების შედარების საშუალება გვაქვს. ჩვენ მივხვდით, რომ კონკურენტუნარიან ძალას წარმოვადგენთ, მაგრამ, ამავე დროს, გვმართებს ბევრი მუშაობა, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ასეთი მენტალიტეტის გარეშე არაფერი გამოგვივა.
- ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება “ნაპოლის” მიერ ჩატარებული ბოლო 4 მატჩი, რომელშიც გუნდმა გოლი არ გაუშვა. როგორ შეძელით ეს?
- რა თქმა უნდა, ეს მე და გუნდის სხვა მცველებს ძალიან მოგვწონს. კმაყოფილი ვარ ჩვენი მეკარის, მორგან დე სანკტისის თამაშით, რომელიც თავის კლასს ამტკიცებს, თუმცა ეს სერია მთელი გუნდის დამსახურებაა. გამარჯვება ხომ მთელი გუნდის მუშაობის შედეგია. თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში გუნდი უფრო უკეთ შეთამაშდა და მეტი თავდაჯერებულობა მოვიპოვეთ.
- წინ “ლივორნოსთან” თამაშია, გუნდს კი საკადრო პრობლემები აქვს...
- დიახ, დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო პრობლემები წარმოგვეშვა. გარკვეული დროის განმავლობაში არ გვეყოლება ეზეკიელ ლავეცი, რომელსაც გუნდისთვის დიდ ძალად მივიჩნევ. გარდა ამისა, ვერ ითამაშებს ვერც ფაბიო კვალიარელა. ასე რომ, მოგვიწევს ხარისხიანი გუნდური თამაში ვაჩვენოთ. გუნდს ჰყავს საკმარისი დონის ფეხბურთელები მათ შესაცვლელად. წინ გველის რთული მატჩი საკმაოდ ძლიერ გუნდთან, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფება. წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, აუცილებლად მოგვიწევს მაქსიმუმის გაღება.
- როგორ ფიქრობთ, რომელი ადგილის დაკავება შეუძლია “ნაპოლის”?
- ვთვლი, რომ გუნდს აქვს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის ძალა. ძალიან გვინდა ევროტურნირებზე მოხვედრა. მაგრამ ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება. გაზაფხულზე ვნახავთ, თუ რომელი გუნდია უკეთესი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებულ გუნდთა შორის ჩვენც აღმოვჩნდებით.
- რას გვეტყვით თქვენს მომავალზე?
- ყველამ იცის, რომ “ნაპოლიში” კიდევ მრავალი წლის მანძილზე თამაში მსურს. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გავახანგრძლივებ კონტრაქტს, მაგრამ ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონზე და შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაზე ვფიქრობ.
- ოცნებობთ ნაკრებში მოხვედრაზე?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქვს იმედი, რომ გამომიძახებენ. ამაში “ნაპოლიში” კარგი თამაში დამეხმარება. საკუთარი თავის მჯერა, ამასთან, მარჩელო ლიპი არის მწვრთნელი, რომელიც კარს არავის უხურავს და იმედს ყველას უტოვებს.

 

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163227