ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2346) სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთის მე-60 ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
მე-6 ტურში პაიკიძემ შავი ფიგურებით რუსი ვერა ნებოლშინა (2349) შავი ფიგურებით დაამარცხა და თავი 5.0 ქულას მოუყარა. შედეგად, ნაზი კიდევ ერთ მასპინძელ სვეტლანა მატვეევასთან (2379) ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
მე-7 ტურში ქართველ მოჭადრაკეს კიდევ ერთი რთული პარტია ელის. პაიკიძის მეტოქე რუსი მარინა რომანკო (2411) იქნება, რომელსაც ჩემპიონატზე უმაღლესი რეიტინგი აქვს. რომანკოს 4.5 ქულით მე-3 პოზიცია უკავია.
რუსეთის მე-60 ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე იმართება და მასში 34 მოჭადრაკე ასპარეზობს, რომელთა შორის უცხოელი მხოლოდ ორია – პაიკიძე და სერბი მარია მანაკოვა (2306). ტურნირის საპრიზო ფონდი 300 ათას რუსულ რუბლს უტოლდება.







