ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი – ნაზი პაიკიძე (2416) და ქეთი წაწალაშვილი (2318) ჰყავს. პაიკიძე გოგონათა ტურნირში პირველ ნომრად გახლავთ განთესილი და ფავორიტის სტატუსს სრულად ამართლებს – მის აქტივში უკვე ორი გამარჯვებაა.
მეორე ტურში პაიკიძე შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას (2107) დაუპირისპირდა და 38-ე სვლაზე ჩინებულ სტილში იმარჯვა. ორი ქულა კიდევ 11 მოჭადრაკეს გააჩნია, რომელთაგან ერთ-ერთს – თურქ კუბრა ოზთურქს (2258) ნაზი მესამე ტურში თეთრებით გაეჯიბრება.
რაც შეეხება წაწალაშვილს, მან თეთრი ფიგურებით ყაიმი არტგენტინელ აიელენ მარტინესთან (2011) გააფორმა და 0.5 ქულით მხოლოდ 59-ე ადგილზეა. მისი მომდევნო მეტოქე ინდოელი შრისტი შეტია (1927).
ჩენაის სასტუმრო “ვიჯაი პარკში” მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება, დასვენების დღედ კი 8 აგვისტოა გამოყოფილი.







