მოსკოვში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა, რომელიც რამდენიმე ჯგუფში იმართება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ქალთა ტურნირი დააინტერესებს, რომელიც ამავდროულად, რუსეთის თასის ეტაპია და სტუდენტ გოგონათა პირველობაც. პირველში საქართველოს ღირსებას ნაზი პაიკიძე (2411) იცავს, მეორეში კი – ნინო ბაციაშვილი (2426).
პაიკიძე ტურნირში მე-4 განთესვით ჩაება და ჯერჯერობით, ჩინებულად თამაშობს. ნაზიმ საწყის ტურებში რუსებს ალბინა ბაკუნინას (1962), როზა იდრისოვასა (2128) და ელიზავეტა ბორისოვას (2219) სძლია და ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზე დამკვიდრდა. პაიკიძის გარდა, 3 ქულა კიდევ ხუთ რუს მოჭადრაკეს გააჩნია.
მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ერთ-ერთ კონკურენტ ელმირა კარნაუხოვას (2328) გაეჯიბრება. ცნობისთვის, Moscow Open-ი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 5 თებერვალს დასრულდება.
სტუდენტ გოგონათა ტურნირში ათი მონაწილე ჩაება, რომელთა შორის საუკეთესო რეიტინგი (2426) ბაციაშვილს გააჩნია. ნინომ ორ საწყის ყაიმს მოგება მიაყოლა და 2.0 ქულით მე-2 ადგილზეა, პირველი პოზიციაზე კი 2.5 ქულით ბელორუსი ნასტასია ზიაზულკინა (2290) იმყოფება. მომდევნო ტურში ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით რუმინელ ირინა ბულმაგას (2360) ეთამაშება.







