რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2376) 30 შესაძლებლობიდან 12.5 ქულა მოაგროვა და 16 ფინალისტს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი სამ ეტაპად წარიმართა, პაიკიძე კი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის საჭადრაკო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გახდა, ფინალში პერსონალური მიწვევით გახლდათ დაშვებული.
ფინალური პარტიები ორ დღედ წარიმართა. ნაზიმ საწყის 15 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა, მეორე დღეს კი შედარებით უკეთ ითამაშა და კიდევ 7.5 ქულა მიითვალა. ამ შედეგის წყალობით, ქართველმა გოგონამ უკან საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალმირა სკრიპჩენკო (2464, 12.5 ქულა), აშშ-ს წარმომადგენელი ირინა კრუში (2490, 12.0), უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2499, 10.5) და რუსი ვერა ნებოლშინა (2360, 9.5) მოიტოვა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორგზის (2005, 2008) ევროპის ჩემპიონმა უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ (2539) მოიპოვა, მეორე-მესამე ადგილები კი რუსებს – ასევე ორგზის (2007, 2009) ევროპის ჩემპიონს ტატიანა კოსინცევასა (2573) და ვალენტინა გუნინას (2465) დარჩათ.







