ბულგარეთის ღია ჩემპიონატში მოთამაშე ლუკა პაიჭაძემ (2520) მე-6 ტურში თეთრი ფიგურებით მასპინძელ დიმიტარ მარჰოლევს (2333) სძლია და ლიდერთა ოთხეულთან, რომელშიც ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2577), ბარტლომეი ჰებერლა (პოლონეთი, 2545), ვლად-კრისტიან ჯიანუ (რუმინეთი, 2500) და მილენ ვასილევი (ბულგარეთი, 2473) შედიან, ნახევარი ქულითღა ჩამორჩება.
ახლა, პაიჭაძის აქტივში 5.0 ქულაა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-17 ადგილზე იმყოფება, მისი მომდევნო მეტოქე კი კიდევ ერთი ბულგარელი ვალერი ლილოვი (2433) იქნება. ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს.
მე-6 ტურში წარუმატებლობა შეემთხვა შოთა აზალაძეს (2466), რომელმაც შავებით ბერძენ ვასილის ბუნისთან (2253) წააგო. აზალაძე 4.0 ქულით 37-ეა, მომდევნო პარტიაში კი შავებით იტალიელ ანჯელო დამიას (2259) დაუპირისპირდება.
პლოვდივში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე სალომე ხაჟომიამ (2180) შავი ფიგურებით ბულგარელი ნიკოლაი ხრისტოვი (1917) დაამარცხა და 4.0 ქულით 61-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. მე-7 ტურში ხაჟომია თეთრებით ბერძენ ნიკოს სტამულასს (1836) ეთამაშება.
ცნობისთვის, ბულგარეთის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 10 ათასი ევროა.







