20-წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის მომგებმა პაატა მერებაშვილმა (60 კგ) გუშინ ევროპული ოქრო უკვე 23-წლამდელებში მოიგო. ოქროს დუბლი მერებაშვილმა თურქეთის ქალაქ ანთალიას ტატამზე შეასრულა და საქართველოს ჰიმნი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ ააჟღერებინა.
საჩემპიონო გზა მერებაშვილმა ლატვიელი ბიქტორს გრიშინსით დაიპონებით დაიწყო. მეორე წრეში კი თავისზე ბევრად გამოცდილი მეტოქე – მსოფლიოს ჩემპიონატის იტალიელი ბრინჯაოს პრიზიორი ელიო ვერდე გააკრა ბეჭებზე. მეოთხედფინალში ქართველმა მსუბუქწონოსანმა დრამატულ ბრძოლაში ჩამოიცილა სლოვენიელი მატიაშ ტრბოვჩი - შეხვედრის დამთავრებამდე 25 წამი რჩებოდა, როდესაც იუკოთი დაწინაურებული მერებაშვილი ვაზარზე დავარდა. დარჩენილ დროში კი შეხვედრა მაინც შეატრიალა და მეტოქეს ბრწყინვალე სუფთა გდებით აჯობა. ფრანგი ჯულიან ოტავიანი ვაზარით ჩამოიცილა. ფინალში კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველს, რობერტ მშვიდობაძეს წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე.
გუშინვე, მედლისთვის ქართული გუნდის კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ შარვაშიძემაც (66 კგ) იჭიდავა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასასვლელად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. სომეხი პავლაკ ვარდაზარიანისა და ფრანგი ალისტერ ვარდის დაიპონების შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალურ ეტაპზე დაკარგა. რუს მუსა მოგუშკოვთან შებოჭვაზე მოჰყვა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში შარვაშიძემ აზერბაიჯანელი ემილ ჰასანოვი 4 გაფრთხილებით ჩამოიცილა, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ბელარუს დიმიტრი შერშანთან ბრძოლაში წაიფორხილა და ევროპირველობა მე-5 ადგილით ჩაამთავრა.
ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა 3 წონით კატეგორიაში – 48, 52 და 57 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ, მაგრამ ქართველებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მედლის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს. დარინა აბულაძე (48 კგ) ჰოლანდიელ ბირგიტ ენტესთან დამარცხდა, ნათია როსტომაშვილი (52 კგ) და სოფიო ბერიძე (57 კგ) კი უკრაინელ მეტოქეებს – ილგა სუხასა და ალიონა საიკოს ვერ გასცდნენ.
პირველი დღის საერთო შედეგებით, საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. მხოლოდ ვაჟებს შორის კი სოსო ლიპარტელიანის შეგირდები ლიდერობენ.
დღეს მედლები ვაჟთა და გოგონათა ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ზვიად ბაზანდარაშვილი (73 კგ) ჩემპიონატს პოლონელი მიხალ კუბიენიეცით დაიწყებს. გიგა წიკლაური (81 კგ) პირველ წრეში დაისვენებს, შემდეგ კი ბოსნიაჰერციგოვინელ მარკო დრაშკოვიჩსა და თურქ ჰალილ იბრაჰიმ ოზერლერს შორის მოგებულს დაეჭიდება. შორენა შარაძე (63 კგ) პოლონელი აგატა ოზდობას პირისპირ დადგება, სალომე წოწკოლაურის (70 კგ) მეტოქე კი გერმანელი კატარინა ჰილგერი იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი
ანთალია. 20 ნოემბერი
ვაჟები
60 კგ
1 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
2 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
3 ჯულიან ოტავიანი (საფრანგეთი)
3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)
66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 პაველ ზაგროდნიკი (პოლონეთი)
3 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
5 ზურაბ შარვაშიძე (საქართველო)
გოგონები
48 კგ
1 ელენა მორეტი (იტალია)
2 ბირგიტ ენტე (ჰოლანდია)
3 კუბრა ტეკნეჩი (თურქეთი)
3 ამელი როსენეუ (ბელგია)
9 დარინა აბულაძე (საქართველო)
52 კგ
1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
2 ტუგბა ზეჰირი (თურქეთი)
3 ლუსი ჩიტრა (ჩეხეთი)
3 ბარბარა მაროში (უნგრეთი)
17 ნათია როსტომაშვილი (საქართველო)
57 კგ
1 ჰანნა ბრუეკი (გერმანია)
2 ანდრეა სტეფანია ჩიტუ (რუმინეთი)
3 ჟული ბაიენსი (ბელგია)
3 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
9 სოფიო ბერიძე (საქართველო)







