ჭადრაკი

22:46 | 21.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოთხმა ყაიმმა მეოთხეზე დაგვტოვა

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მე-4 ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ქალთა საჭადრაკო ნაკრებებს შორის შედგა, ფრედ დასრულდა. ოთხივე დაფაზე საინტერესო “ბრძოლის” მიუხედავად, გამარჯვებული ვერცერთში გამოვლინდა. ოთხი ყაიმი და საბოლოო 2:2, რომელმაც ყველაზე მეტად ტურნირის ლიდერები ჩინეთი და ინდოეთი ახეირა.
თურქეთის ქალაქ მარდინში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე, ერთადერთ გუნდად, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, ჩინეთი რჩება. აზიელებმა გასულ ტურში ქართველთა გამამწარებელ ვიეტნამს 3:1 სძლიეს და თავი 8 ქულას მოუყარეს, მეორე ადგილზე კი 7 ქულით ინდოეთია, რომელმაც სომხეთი 3.5:0.5 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრები 5 ქულით მე-4 საფეხურზე იმყოფება, მესამე კი რუსეთია, რომლის აქტივშიც 6 ქულაა. მომდევნო ტურში მთავარი ყურადღება რუსეთისა და ჩინეთის შერკინებისადმი იქნება მიპყრობილი, ინდოეთი ვიეტნამს ეთამაშება, ქართველ მოჭადრაკეებს კი ბოლოსწინა ადგილზე მყოფი საბერძნეთის სახით შედარებით სუსტი მეტოქე ელით.  
მსოფლიოს ჩემპიონატი ცხრა ტურად მიმდინარეობს და 27 დეკემბერს დასრულდება, დასვენების დღე კი 23 დეკემბერია.

2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი)
მე-4 ტური
საქართველო – რუსეთი 2:2

ნანა ძაგნიძე (2516) – ნადეჟდა კოსინცევა (2546) 0.5:0.5
ტატიანა კოსინცევა (2526) – ლელა ჯავახიშვილი (2475) 0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი (2497) – ალექსანდრა კოსტენიუკი (2439) 0.5:0.5
ვალენტინა გუნინა (2514) – ნინო ხურციძე (2440) 0.5:0.5

უკრაინა – საბერძნეთი 3.5:0.5
ჩინეთი – ვიეტნამი 3:1
ინდოეთი – სომხეთი 3.5:0.5
თურქეთი – სამხრეთ აფრიკა 3:1

სატურნირო მდგომარეობა
8 – ჩინეთი; 7 – ინდოეთი; 6 – რუსეთი; 5 – საქართველო; 4 – ვიეტნამი, თურქეთი; 3 – უკრაინა; 2 – სომხეთი; 1 – საბერძნეთი; 0 – სამხრეთ აფრიკა;

მე-5 ტური
საბერძნეთი – საქართველო
სამხრეთ აფრიკა – უკრაინა
სომხეთი – თურქეთი
ვიეტნამი – ინდოეთი
რუსეთი – ჩინეთი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163358