ინტერვიუები

14:14 | 8.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ ტაბარესი: “ფეხბურთელები თავს ზემოთ ახტნენ”

ჰოლანდიასთან მატჩის წინ, ურუგვაელთა თავკაცი ოსკარ ტაბარესი აცხადებდა, რომ ფავორიტის სტატუსით მყოფ მეტოქესთან ნაადრევად კაპიტულაციას არ აპირებდა და ბრძოლას შესთავაზებდა. მართლაც, მან საკუთარი სიტყვა შეასრულა და მარცხის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ სამხრეთამერიკელებმა ღირსეულად არ ითამაშეს. თუმცა, “ნარინჯისფერთა” კლასმა თავისი გაიტანა და ფინალშიც ისინი მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, ტაბარესი იმედგაცრუებული არაა და თვლის, რომ მისმა შეგირდებმა მიმდინარე ტურნირზე იმაზე მეტი აჩვენეს, ვიდრე მათგან ელოდნენ.
ოსკარ ტაბარესი: “გუნდმა ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა და ფეხბურთელებით ვამაყობ. წაგებას ვაღიარებ. მეტოქე უფრო ძლიერი იყო და ჩვენზე ერთი გოლით მეტი გაიტანა. ახლა დამწუხრებულნი ვართ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სტადიაზე ჩვენ ნახვას არავინ ელოდა. ტურნირის მსვლელობისას ძალიან შორს წავედით და საერთო ჯამში აღებული, ეს ცალკეულ მარცხზე უფრო მნიშვნელოვანია”.
- შეხვედრის შედეგზე, მსაჯობამ რამდენად იმოქმედა?
- ჰოლანდიელებმა მეორე გოლი თამაშგარედან გაიტანეს. თუმცა, მსაჯებიც შეიძლება შეცდნენ. ბოლოსდაბოლოს, მიმდინარე ჩემპიონატში პირველები არ ვართ, ვინც არბიტრების შეცდომებისგან დაზარალდა. ამიტომ, ამ თამაშგარის თავის მართლებისა და მოთქმის მიზეზად გამოყენებას, არ ვაპირებ. ჩვენ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. არ გამოვიდა და მორჩა.  
- 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრების გამოსვლა, თქვენს მეხსიერებაში როგორ აღიბეჭდება?
- ჩვენ მსოფლიოს 4 უძლიერეს გუნდს შორის აღმოვჩნდით და ამით, ყველაფერი ნათქვამია. დანარჩენი სამი, უძლიერესი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ურუგვაი, ყველაზე ძლიერ ოპონენტებს თანაბრად ეთამაშებოდა. რთულია, ამ ფეხბურთელებს მეტის გაკეთება მოთხოვო. მათ ყველაფერი გაიღეს, რის საშუალებაც ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ თავს ზემოთ ახტნენ.  
- მესამე ადგილისთვის მატჩში, გუნდი მოედანზე როგორი განწყობით გამოვა?
- თამაშამდე დარჩენილ დღეებში, ჰოლანდიასთან მარცხით გამოწვეული სინანული უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ვიცით. ეს, კიდევ ერთი მიზეზია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ რა შეუძლია ურუგვაის. ამასთანავე, მორიგი შანსი გვეძლევა დავამტკიცოთ, რომ ფეარ ფლეის პრინციპების დაცვით ვთამაშობთ.
- ჰოლანდიასთან დაპირისპირების დროს, 70 წუთის განმავლობაში მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. შემდეგ რა მოხდა?
- ჰოლანდიელებმა საუცხოო პირველი გოლი გაიტანეს. ამან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად კარგად არიან ისინი ტექნიკურად მომზადებულნი და მეტოქის კარის აღება რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ. თუმცა, შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ და უდიდესი შეტევითი პოტენციალის მქონე მეტოქე, თამაშგარე მდგომარეობიდან დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, არ დავნებდით და მაქსიმილიანო პერეირას გოლმა ჩემს ბიჭებს იმედი მისცა, რომ თამაშის გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა. თუ უნდა წაგვეგო, ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.
- ფორლანი რატომ შეცვალეთ?
- დიეგო ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, ბოლომდე ითამაშებდა. 1:3 ანგარიშის დროს, საკუთარი ნებით, ფორლანს, ვფიქრობ, არცერთი მწვრთნელი არ შეცვლიდა. თუმცა, მან ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. მან თამაშამდე მითხრა, რომ ტკივილი აწუხებდა, მაგრამ ამან მოედანზე გასვლაში ხელი არ შეუშალა. მატჩის მსვლელობისას ტკივილი გაუძლიერდა და ბოლო წუთებზე გადავწყვიტეთ, რომ მისი შეცვლის დროა. თითქოს, სერიზული არაფერია და იმედი მაქვს, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს.   
- მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თანამდებობას შეინარჩუნებთ?
- პირველყოვლისა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ახალი კონტრაქტი ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შემომთავაზოს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს. წინადადებას მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავ. თუმცა არა მგონია, ახლა სათანადო მომენტი იყოს, რომ ამის შესახებ კიდევ რაიმე ვთქვა. გუნდმა ძალიან დიდი და ღირსეული სამუშაო შეასრულა – ეს ყველამ ნახა. მომავალზე კი, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვილაპარაკოთ.
- ვის და რა დაუმტკიცეთ მიმდინარე ტურნირზე?
- ურუგვაიში მცხოვრები ხალხისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია. მართალია, ჩვენი ნაკრები სუპერგუნდი არაა, რომელიც ზესაფეხბურთო ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლები ვერც კი ივარაუდებდნენ, რომ მსგავსი რამ შეეძლოთ. მსურს, აქ გავჩერდე და მეტი მაღალფარდოვანი სიტყვები აღარ ვთქვა. რაც არ უნდა იყოს, წავაგეთ. მარცხის შემდეგ კი, საკუთარ სიტყვებს თვალი უნდა ადევნო, რომ ისინი არ გამოიყურებოდნენ როგორც უღირსი რეაქცია წარუმატებლობაზე.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090419