ჭადრაკი

23:15 | 3.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ნაკრებმა იმარჯვა

სტამბულში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-6 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთს 2.5:1.5 სძლია და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ქართველ ქალბატონებს 4 მოგება და 2 ყაიმი გააჩნიათ და 10 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან, ამასთან ლიდერებში მყოფ რუსეთსა და პოლონეთს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.
სლოვაკეთთან დაპირისპირებაში საკუთარი პარტიები ბელა ხოტენაშვილმა (2509) და ნინო ხურციძემ (2444) მოიგეს, მარცხი ნინო ბაციაშვილმა (2432) განიცადა, ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2547) კი ფრედ ითამაშა, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკეები პირველი განთესვის მქონე ჩინელებს ეთამაშებიან, რომლებიც გასულ ტურში რუსებს დაუზავდნენ და ასევე 10 ქულით მესამენი არიან. ცხადია, ინტერესს იწვევს ლიდერების – რუსეთის და პოლონეთის დაპირისპირებაც.
ოლიმპიადის გასული ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ვაჟი მოჭადრაკეებისთვისაც, რომელთაც ასევე შავი ფიგურებით კოლუმბიას 3.5:0.5 სძლიეს. გამარჯვებები იზეიმეს თორნიკე სანიკიძემ (2585), ლევან ფანცულაიამ (2575) და კონსტანტინე შანავამ (2569), მერაბ გაგუნაშვილმა (2578) კი ყაიმი გააფორმა.
6 ტურის თავზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებს 9 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-18 ადგილზე იმყოფება. 11-11 ქულით ტურნირზე რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, ქართველთა მორიგი მეტოქე კი ინგლისის ნაკრები იქნება, რომლის აქტივში ასევე 9 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160688