ქართველმა ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მორიგი წინსვლა განიცადა და კარიერის საუკეთესო შედეგამდე მცირედიღა აშორებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ტატიშვილი მსოფლიოს 69-ე ჩოგანი გახლდათ, დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში კი 895 ქულით 71-ე საფეხურზე დამკვიდრდა.
მიმდინარე კვირაში WTA-ს ეგიდით 2 ტურნირი იმართება – ნიუ ჰეივენსა (საპრიზო ფონდი 637 ათასი დოლარი) და დალასში (220 ათასი), თუმცა, ანა მათში მონაწილეობას არ იღებს. ამდენად, 22 წლის ქართველი ჩოგბურთელის მორიგი სამიზნე წლის დასკვნითი სლემტურნირი, აშშ-ს ღია პირველობა იქნება, რომელიც სტარტს 27 აგვისტოს აიღებს.
ცნობისთვის, შარშან US Open-ზე ძალები ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა მოსინჯა, თუმცა, წარუმატებლად. კვალიფიკაციის პირველ რაუნდში მაკა ჩახნაშვილმა ჩინელ ჯინ-ჯინ ლუსთან 7:6 (7:5), 3:6, 1:6 წააგო, ხოლო ანა ტატიშვილი ძირითად ბადეში მე-17 ნომრად განთესილ რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან 2:6, 2:6 დამარცხდა.
მიმდინარე კვირაში ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებენ სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, რომელთაც კვირას გერმანიაში რატინგენის ასევე 10-ათასიან შეჯიბრზე წყვილთა პირველობა მოიგეს. წინასწარი ინფორმაციით, ენსხედეში ქვაცაბაია მე-3 ნომრად იქნება განთესილი, გორგოძეს კი მე-6 რეიტინგი ექნება.
ქართველები WTA-ს რეიტინგში
71 (76). ანა ტატიშვილი – 895 ქულა; 243 (239). მაკა ჩახნაშვილი – 240; 278 (273). სოფო შაფათავა – 203; 397 (398). სოფო ქვაცაბაია – 98; 535 (543). ეკატერინე გორგოძე – 53; 611 (615). ნათია გეგია – 41; 627 (630). თათია მიქაძე – 39; 677 (676). ოქსანა კალაშნიკოვა – 32; 967 (971). ანი გოგვაძე – 11;







