ძიუდო

18:08 | 9.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ნახევარფინალში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა - ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ტუნისის დიდი პრიზის ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს. ტურნირზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ქართველებმა სამეულში მოხვედრა უკვე გაინაღდეს. ფინალში გადასასვლელ შეხვედრებს კი, საღამოს პროგრამაში ჩაატარებენ.
ლიპარტელიანმა ნახევარფინალის გზაზე 3 მეტოქე ჩამოიცილა და სამივე იპონით – ჩინელ იანჟუ ჰის, სამ წუთსა და 45 წამში, 2 ვაზარით სძლია, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს – ორ წუთსა და 51 წამში, უკრაინელ ვადიმ სინიავსკის წუთი და 18 წამი აკმარა. შემდეგ მოწინააღმდეგედ კი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, იაპონელი ტაკაში ონო ეყოლება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსი მურატ გასიევი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაეჭიდებიან.
ჟორჟოლიანი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და ტურნირში იტალიელ ალბერტო ბორინთან შეხვედრით ჩაერთო, რომელიც ზუსტად სამ წუთში მოამთავრა, ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე იმარჯვა, ნახევარფინალში კი, ფრანგ ფრედერიკ შტიგელმანს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ამ ფრანგმა მედლისთვის ბრძოლას უხვტიტულა იაპონელი და უმთავრესი ფავორიტი ტაკამასა ანაი ჩამოაშორა. ფინალის მეორე საგზურისთვის რუსი ვიაჩესლავ დენისოვი და ბელარუსი იაუჰენ ბიადულინი დაეჭიდებიან ერთმანეთს.
დღესვე, ტუნისის ტატამზე მინდია ბოდაველი (90 კგ), ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) და ალექსანდრე მსხალაძეც (+100 კგ) გავიდნენ. წინასწარი განაცხადის თანახმად, კიმონო ირაკლი ცირეკიძესაც (100 კგ) უნდა მოერგო, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, ორგანიზატორებმა იგი სიიდან ზედ ტურნირის დაწყებისას ამოიღეს.
ბოდაველმა, შვეიცარიელი დომინიკ ჰიშერის წუთნახევარში დაიპონების შემდეგ, ტაკაში ონოსთან დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი წააგო. მსხალაძე დიდ პრიზს პირველივე წრიდან დაემშვიდობა, ტუნისელ ენის ჩედლისთან მარცხით, ხოლო გუჯეჯიანს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. იგი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო. ესპანელ ანგელ პარას ოთხ წუთსა და 18 წამში მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ კეიჯი სუძუკისთან მხოლოდ 3 წუთი და 13 წამი გაძლო. ნახევარფინალები და ფინალები თბილისის დროით რვის ნახევრიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124211