საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სეზონის პირველი საერთაშორისო ტურნირი, მსოფლიოს მასტერსი უმედლოდ ჩაამთავრა. 15-16 იანვარს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ტატამზე, პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად და სოლიდური ფულადი ჯილდოების მისაღებად მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები გავიდნენ. 200 ათასი დოლარის საპრიზოფონდიან შეჯიბრზე მონაწილეები ინდივიდუალურად მიიწვიეს. პრესტიჟულ განაცხადში 6 ქართველიც მოხვდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. კიმონო ლევან წიკლაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) მოირგეს. ლიპარტელიანის გარდა, პირველი წრე ვერც ერთმა ვერ გადალახა. წიკლაური (მე-13 ადგილი მსოფლიოს რეიტინგში) იაპონელ ტაკაჰირო ნაკაის (მე-8) ტოლსწორად მხოლოდ ორწუთახევარი ეჭიდავა, შემდეგ კი, იპონით დამარცხდა. ჟორჟოლიანისთვის (მე-12) დაუძლეველი ბარიერი მასტერსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგიანი მონაწილე, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი (33-ე) აღმოჩნდა. ხანჯალიაშვილისა (21-ე) და იაპონელი კეიჯი სუძუკის (მე-5) შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო კი, უილეთოდ გაილია და მსაჯების გადაწყვეტილებით, მეოთხედფინალისტად სუძუკი გამოცხადდა.
ჰანტეიმ უმედლოდ დატოვა ვარლამ ლიპარტელიანიც, ოღონდ ამ შემთხვევაში, მსაჯების გადაწყვეტილება აშკარად საეჭვო იყო. ეს მეოთხედფინალში მოხდა. იქამდე, ლიპარტელიანმა ერთი შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება მოასწრო - საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანი (მე-9) ძიუდოისტი, უზბეკ ხურშიდ ნაბიევთან ბოლო მომენტამდე ვაზარს და იუკოს აგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე, მომგებიანი წმინდა გდება წამოიწყო. იპონი შეხვედრის ბოლოსწინა წამზე დაფიქსირდა. უმნიშვნელოვანესი, რაც ამ ბრძოლისას შევამჩნიეთ, ლიპარტელიანის გამძლეობა იყო. ცხადია, ერთი და ორი შეხვედრით საბოლოო დასკვნის გაკეთება ძნელია, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების ლიდერი, მეორე-მესამე წუთიდან არათუ გადაიღალა და გაპასიურდა, პირიქით, უფრო აგრესიული გახდა და მძლავრად შეუტია. ასევე იყო მეოთხედფინალში, აზერბაიჯანელ ელხან მამადოვთანაც (მე-7). მართალია, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, მაგრამ ლიპარტელიანმა ფიზიკურად აშკარად დაჩაგრა მეტოქე და რომ არა საკუთარი კედლების ფაქტორი და ორგანიზატორთა ეშმაკობა, მამადოვი 5-წუთშივე გადაინაცვლებდა მაყურებლებში - საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე, საშინლად დაღლილ აზერბაიჯანელს ჯერ კიდევ აქტიურმა ქართველმა მძლავრად შეუტია. სავარაუდოდ, ილეთს თუ არა მომგებიან გაფრთხილებას მაინც გამორჩებოდა, მაგრამ უეცრად ტაბლო ჩაქრა. სანამ პრობლემა მოაგვარეს, მამადოვმა მოსულიერებაც მოასწრო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. აი, იქ კი, ნელ-ნელა ლიპარტელიანიც გაპასიურდა. მართალია, არც მთლად ისე, როგორც მოწინააღმდეგე, მაგრამ ილეთის გასაკეთებლად ძალა მაინც არ ეყო. ის კი არა, ერთ მომენტში კინაღამ შებოჭვაზე მოჰყვა. როგორც ჩანს, მსაჯებმა 8-წუთიანი ბრძოლიდან მხოლოდ ეს მომენტი დაიმახსოვრეს და ჰანტეით მასპინძელს გაამარჯვებინეს. მსოფლიოს მასტერსზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ვარლამ ლიპარტელიანმა უმალ მე-5 ადგილი დაიკავა, რითაც პირად რეიტინგს 80 ქულა შემატა.
მასტერსის პირველ დღეს, 15 იანვარს, მედლები მამაკაცთა პირველ-სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე მხოლოდ მსუბუქწონოსნები: ამირან პაპინაშვილი (მე-11) და დავით ასუმბანი (მე-16) გავიდნენ, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლას ორივე საწყისი ეტაპებიდანვე გამოეთიშა.
პაპინაშვილმა მსოფლიოს იტალიელი პრიზიორი, ელიო ვერდე (მე-8) 2 იუკოთი ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ მეოთხედფინალში რეიტინგის ერთპიროვნულ ლიდერთან, მსოფლიოს უზბეკ ჩემპიონ რიშოდ სობიროვთან წმინდად დამარცხდა. ცნობისთვის, სობიროვი შარშანდელი მასტერსის გამარჯვებული იყო და ამჯერადაც, წაუგებლად ჩაამთავრა სუპერტურნირი. პაპინაშვილმა კი, მე-5 ადგილი და 80 სარეიტინგო ქულა იკმარა.
ასუმბანი პირველ წრეში ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, რეიტინგის მეოთხეადგილოსან რუსს, არსენ გალსტიანს დაუპირისპირდა და მე-5 წუთზე იპონით დამარცხდა. გალსტიანმა ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ 2 მეტოქე ჩამოიცილა და ფინალში გასვლით 240 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ჩემპიონი სობიროვი კი, 400 ქულითა და 6 ათასი დოლარით გამდიდრდა.
66 და 73 კილოგრამები ქართველი ძიუდოისტების გარეშე ჩაჭიდავდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, აქაც მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომრები ავიდნენ. 66-ის ფინალში, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა და შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა, მონღოლმა ცაგაანბაატარ ჰაშბაატარმა სლოვენიელ როკ დრაკშიჩს (მე-12) სძლია, 73-ში კი, ასევე მსოფლიოს შარშანწინდელმა ჩემპიონმა და შარშანდელმა ბრინჯაოსანმა, სამხრეთკორეელმა კი-ჩუნ ვანგმა რუსი მანსურ ისაევი (მე-3) დაჩაგრა.
81 კილოგრამი ერთადერთი წონა იყო, რომელმაც მასტერსზე რეიტინგის პირველადგილოსანი მოისაკლისა. მსოფლიოს სამხრეთკორეელი ჩემპიონის, ჯაე-ბუმ კიმის მსგავსად, ბაქოში არც მე-2 პოზიციაზე მდგომი რუსი, ივან ნიფონტოვი ჩასულა. ყველაზე მეტქულიანმა, ბრაზილიელმა ლეანდრო გილეირომ (მე-3) ფინალამდე კი გაამართლა ფავორიტის სახელი, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება აღარ დასცალდა. ოქროს მედალს მასპინძელი ელნურ მამადლი (37-ე) დაეუფლა, თუმც ცოტა ძნელი ასახსნელია, რა დამსახურებით მოხვდა სატურნირო ბადეში ეს აზერბაიჯანელი, მაშინ, როდესაც მასზე წინ მდგომი არაერთი უცხოელი ძიუდოისტი დარჩა მასტერსს მიღმა.
90-შიც მასპინძლებმა გაიხარეს. მსაჯებისგან ნაჩუქარი გამარჯვების შემდეგ, ელხან მამადოვმა ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი, იაპონელი ტაკაში ონო იუკოთი ჩამოიცილა, ფინალში კი, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე, ჯარჯი ზვიადაურს, იგივე ილიას ილიადისს (მე-6) იპონით სძლია.
მეორე დღის უმთავრესი მოულოდნელობა, 100 კილოგრამის ფინალში ორი რუსის - სერგეი სამოილოვიჩისა (მე-11) და ტაგირ ხაიბულაევის (მე-8) გასვლა იყო. ჩემპიონი სამოილოვიჩი გახდა. ცნობისთვის, წონის საუკეთესო ექვსეული – იაპონელი ტაკამასა ანაი, გაბელგიელებული ჰოლანდიელი ელკო ფან დერ ხესტი, სამხრეთკორეელი ჰი-ტაე ჰვანგი, ეგვიპტელი რამადან დარვიში, ბრაზილიელი ლუჩიანო კორეა და ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი შეჯიბრს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
მძიმე წონაში შეჯიბრი რეიტინგის პირველმა ნომერმა ფრანგმა გოლიათმა, ტედი რინერმა დაუმარცხებლად ჩაამთავრა. გადამწყვეტი გამარჯვება მან ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისთან იზეიმა.
ქალთა შორის, მოლოდინისამებრ, ყველაზე მეტად იაპონელებმა იყოჩაღეს. 7 წონითი კატეგორიიდან 3-ში სულაც, იაპონური ფინალი შედგა.
შემდეგ საერთაშორისო ტურნირს – მსოფლიოს თასს, 29-30 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ძიუდო
მსოფლიოს მასტერსი
ბაქო. 15-16 იანვარი
კაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
66 კგ
1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
2 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 მანსურ ისაევი (რუსეთი)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 ატილა უნგვარი (უნგრეთი)
81 კგ
1 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
90 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 ტაკაში ონო (იაპონია)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
100 კგ
1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
2 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ემი იამაგიში (იაპონია)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
52 კგ
1 მისატო ნაკამურა (იაპონია)
2 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
57 კგ
1 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
2 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
3 კონჩეპსიონ ბელორინი (ესპანეთი)
3 იან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)
63 კგ
1 ჯევრის ემანე (საფრანგეთი)
2 სოში უენო (იაპონია)
3 იარდან გერბი (ისრაელი)
3 კლაუდია მალზანი (გერმანია)
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 იე-სულ ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
3 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
78 კგ
1 ქსიული იანგი (ჩინეთი)
2 სელინ ლებრუნი (საფრანგეთი)
3 აბიგელ იო (უნგრეთი)
3 აკარი ოგატა (იაპონია)
+78
1 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
2 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
3 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
3 ნა-იუნგ კიმი (სამხრეთ კორეა)
ოთარ მაღლაკელიძე







