ფეხბურთი

1:14 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი დებიუტი: ილურიძე ცნობილ დერბიში, ებრალიძე ‘პორტუს” წინააღმდეგ

21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ილურიძემ პირველი მატჩი ჩაატარა სპლიტის “ჰაიდუკში”. პირველი და თანაც რა მნიშვნელობის - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დერბიში. “ჰაიდუკმა” შინ 2:0 სძლია ზაგრების “დინამოს” და მეორე ადგილზეა, ლიდერი კი სწორედ ‘დინამოა”, რომელიც ერთი ქულითღაა სპლიტურ გუნდზე წინ.

“ჰაიდუკის” თავკაცმა იგორ ტუდორმა ილურიძე სასტარტოში დააყენა და 72-ე წუთზე შეცვალა, როცა ორივე გოლი გასული იყო.

გიორგი მეორე ნახევარში უფრო აქტიურობდა და პირველი გოლის დროსაც, შეტევისას მონაწილეობდა. ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ სხვებზე ცუდადაც არ უთამაშია. საერთოდ კი, აჩორკნილ მინდორზე, საყურებლად კარგი თამაში ვერ გამოვიდოდა. ეს მინდორი “ჰაიდუკი”-“დილას” მატჩიდანაც გვახსოვს.

და კიდევ ერთი დებიუტი ახალგაზრდა ქართველისა, ოღონდ, ეს პორტუგალიაში... “პორტუს” წინააღმდეგ. “ჟილ ვისენტეში” ორი კვირის წინ გადასულმა ავთო ებრალიძემ ბოლო 15 წუთი ითამაშა “დრაგაოზე”. შეხვედრა “პორტუმ” 2:0 მოიგო.

შეგახსენებთ, ებრალიძე შემტევი ნახევარმცველია, 1991 წელსაა დაბადებული და გასული სეზონი რანგით მეორე ლიგის “ოლივეირენსეში” გაატარა. და პორტუგალიის უმაღლესი ლიგა (პრიმიერა ლიგა) რა დონისაცაა, ამაზე ლაპარაკიც უადგილოა. ასეთ ჩემპიონატებში ქართველები ყოველ კვირას როდი თამაშობენ...…  

წარმატება ვუსურვოთ ორივე ახალგაზრდას შემდგომ მატჩებშიც.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130552