ნაგოიას ბაშოზე მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა და უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ორივე ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს. ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე 24 წლის ლევან გორგაძემ, დღეს მეხუთედ იმარჯვა და საბოლოო კატიკოსს სამი ქულაღა აშორებს. აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ კი, სამი მარცხის წილ, მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ტაკაიასუს მძლავრ სასტარტო ცუპარებს გაუძლო და მეტოქეს კონტრშეტევაზე მოუმთავრა საქმე, ხოლო მაკუუჩის უმძიმესმა სუმოისტმა, 200-კილოგრამიანმა გაგამარუმ, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიტატაიკი დოჰიოს გარეთ გაიყვანა. ცნობისთვის, კიტატაიკის, მიმდინარე ბაშოზე ექვსი ჩატარებული შეხვედრიდან, ხუთი მოგებული ჰქონდა.
ქართველების წყვილად მოგებით მიღებული ორდღიანი სიამოვნება ხვალ დაირღვევა, რადგან გორგაძე და ჯუღელი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი ფრეა – 1:1.
რანგით მეორე დივიზიონ ძურიოში მოჭიდავე ლევან ცაგურიამ, დღეს მეხუთედ წააგო და უარყოფითი ბალანსი მინუს სამ ქულამდე გაეზარდა. კოკაისთვის დაუძლეველი ბარიერი, ამჯერად საგაცუკასა აღმოჩნდა.







