რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საფრანგეთის ღია პირველობა წლეულსაც ქართველი ჩოგბურთელის გარეშე ჩაივლის. ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ჩვენებურთაგან ერთადერთი გახლდათ, ვინაც კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში გააღწია, შანსი ვერ გამოიყენა და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.
19 წლის კალაშნიკოვამ (რეიტინგში 163-ე ადგილი) პირველ რაუნდში ავსტრალიელ შენონ გოლდსს (207-ე) 6:4, 6:2 სძლია, შემდეგ კი სენსაცია მოახდინა და მსოფლიოს 96-ე ჩოგანი რუმინელი ედინა გალოვიცი, რომელიც “როლან გაროსის” კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი, 7:5, 6:2 დაამარცხა.
ძირითად ბადეში გადასასვლელ მატჩში ოქსანას მეტოქე რუსი ეკატერინა ივანოვა გახლდათ, რომელიც პარიზულ ტურნირს მსოფლიოს 151-ე ნომრის რანგში შეხვდა. შეხვედრის პირველ სეტში ბრძოლა არ შედგა და ივანოვამ კალაშნიკოვა 24 წუთში 6:1 გაანადგურა, მეორე სეტი კი დრამატული გამოდგა და ჩვენებურისთვის მეტად დასანანი მარცხით დასრულდა.
ოქსანა სეტის მიმდინარეობისას 5:2-ს იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, იქ კი რუსი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მეტად უჩვეულო ანგარიშით 7:0 იმარჯვა.
საბოლოოდ, კალაშნიკოვამ 1:6, 6:7 (0:7) წააგო. მან პირველ მოწოდებაზე ბურთების 63% (19 30-დან) მოიგო, მეორეზე – 45% (10 22-დან), ეისი არ მოუწოდებია, 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ბრეიკი ორჯერ გაახერხა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო.
“როლან გაროსის” მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლისთვის, ოქსანამ 50 სარეიტინგო ქულა და 8 ათასი დოლარი გამოიმუშავა.









