საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ტაველურს ევროპის ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს, უშანგი გასიტაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია.
ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში მიმდინარე ევროპირველობაზე დღეს მედლების ბოლო 5 კომპლექტი თამაშდება – ვაჟთა 81, 90 და +90, ასევე, გოგონათა 70 და +70 კილოგრამებში. ქართული დროშის ქვეშ ოთხმა სპორტსმენმა იჭიდავა. კარლო ნემსიწვერიძემ (+90 კგ) და ელენე ქებაძემ (+70 კგ) კვარცხლბეკზე ასვლის შანსი წინასწარ შეხვედრებშივე დაკარგეს. 70-კილოგრამიან გოგონებში კი, საქართველოს მონაწილე არ ჰყავდა.
გადამწყვეტი შეხვედრები ორიოდ საათში დაიწყება. ტაველური ფინალში პოლონელ მარჩინ გმულეკს დაეჭიდება, ხოლო გასიტაშვილის მეტოქე იტალიელი ნიკოლას დამიკო იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე







