ძიუდო

1:19 | 31.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს დუბლის დღე

5 მედალი 12 შესაძლებლიდან - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების პირველი დღის მონაგარი ორდღიან თბილისურ მსოფლიოს თასზე. ამირან ტოტიკაშვილის გუნდის წევრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუშინ, სპორტის სასახლეში ევროპული ძიუდოს 2010 წლის სეზონის პირველი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ.
ქართველებმა, ყველაზე მეტად, უმსუბუქეს წონაში იყოჩაღეს. კვარცხლბეკზე 3 მასპინძელი ავიდა, მეოთხემ კი, სარეიტინგო ქულები მე-5 ადგილით მიითვალა. წაუგებლად ტურნირი დავით ასუმბანმა ჩაამთავრა. საჩემპიონო გზაზე მან სომეხი გორ მკრტჩიანი, აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი, ბერძენი დიმოკრატოს მანუსარიდისი, იაპონელი ტაკეში მაცუკი და ბეთქილ შუკვანი ჩამოიცილა. პირველ ორ შემთხვევაში საქმე ორწუთნახევარში, იპონებით მოამთავრა, მესამე-მეოთხე მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა, ოქროს წერტილი კი, წუთსა და 47 წამში, იპონით დასვა.
ასუმბანი, ჭკვიანური და ტაქტიკურად გამართული ჭიდაობით, გუშინ ყველასგან გამოირჩეოდა. არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა შუკვანმაც, რომელმაც ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილს სამ წუთში სძლია. ამ შეხვედრაში შუკვანმა ერთ ეპიზოდში კისერი დაიზიანა და სწორედ ეს ტრავმა გახდა მისი ფინალური მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ბეთქილს ფინალში ჭიდაობისგან თავის შეკავებაც კი ურჩიეს, მაგრამ ეს მხოლოდ თხოვნა იყო და არა კატეგორიული მოთხოვნა, რადგან ტრავმას საგანგაშო არ ეთქმოდა. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც შუკვანი ასუმბანთან ბრძოლაშიც დავარდა უხერხულად, უკვე ჭიდაობა მხოლოდ ინერციით განაგრძო და უმალ იპონზე წამოეგო. დაჯილდოვების ცერემონიალზე ტრავმირებული შუკვანი ასუმბანის დახმარებით მივიდა კვარცხლბეკამდე. კახაბრიშვილისვე კომენტარის თანახმად, ძიუდოისტმა, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მიიღო. ზუსტი დიაგნოზი ცნობილი დღეს გახდება.
კიდევ ერთი, მეტად საინტერესო დაპირისპირება, ამავე წონის რეპეშაჟის ფინალში ვიხილეთ. ამირან პაპინაშვილმა პაატა მერებაშვილი, ბევრისთვის მოულოდნელად, აშკარად დაჩაგრა და მედლის გარეშე დატოვა.
66 კილოგრამში კვარცხლბეკზე ერთადერთი ქართველი ავიდა. შალვა ქარდავამ 4 შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში იმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა. მერვედფინალში მან ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი სამ წუთსა და 45 წამში დააიპონა. ბერძენ ლავრენტიოს ალექსანიდისს ოქროს დროში, ვაზარი შეუსრულა, იაპონელ იუნპეი მორიშიტას ვაზარი თავიდანვე აუღო და ეს უპირატესობა იკმარა ფინალში გასასვლელად, ჩემპიონი კი აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადეს ძლევით გახდა. ფინალის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე დადაშზადემ ფეხიდან სცადა ილეთის შესრულება და ახალი წესის თანახმად, უმალ წაგება ჩაეთვალა.
სწორედ ამ აზერბაიჯანელმა გამოთიშა ბრძოლას ნესტორ ხერგიანი მერვედფინალში. იმავე ეტაპზე წაიფორხილეს მიხეილ ხომიზურმა და უჩა ხუციშვილმაც. პირველს იუნპეი მორიშიტამ იპონით აჯობა, მეორემ კი, იპონი უკრაინელი სერგეი პლიევისგან იწვნია.
73 კილოგრამში ქართული ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა – ზაზა კედელაშვილმა იყოჩაღა, თუმცა, ევროპის 3-გზის ჩემპიონისგან გულშემატკივარი უფრო მეტსაც ელოდა. უკრაინელი ანტონ ტიშჩენკოსა და სომეხი ანდრანიკ ჩაპარიანის წმინდად ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, ფრანგ რონალდ ალჟერთან ვაზარზე დავარდა, თავად კი ილეთი ვერ შეასრულა და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო. უკრაინელი დმიტრო შერეტოვის დაიპონებით კედელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დანარჩენი 3 ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი და ანზორ ხმიადაშვილი პირველსავე წრეში ჩარჩა.
ამ წონაში ჩემპიონი რუსი მურატ კოძოკოვი გახდა. ოქროს მედალი მან ილეთის შეუსრულებლად მიიღო. კედელაშვილის მძლეველი ალჟერი, ილეთის ფეხიდან დაწყების მცდელობისათვის, მსაჯებმა უმალ წაგებულად გამოაცხადეს.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. 81-ში საქართველოს სახელით ლევან წიკლაური, იოსებ წელაური, ხვიჩა ხუციშვილი და დავით კარბელაშვილი იჭიდავებენ, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, საბა გავაშელიშვილი, მინდია ბოდაველი და ლაშა გურული, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი, რევაზ ჩიკოიძე, ნოდარ მეტრეველი და დავით ლორიაშვილი, +100-ში – ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და გიგა გუბელაძე.
წინასწარი შეხვედრები კვლავ 11 საათზე დაიწყება, ფინალური ბრძოლები კი – 17 საათიდან.

ძიუდო. მსოფლიოს თასი
თბილისი
30 იანვარი


60 კგ
1 დავით ასუმბანი (საქართველო)
2 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ტაკეში მაცუკი (იაპონია)

66 კგ
1 შალვა ქარდავა (საქართველო)
2 სამირ დადაშზადე (აზერბაიჯანი)
3 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
3 სერგეი პლიევი (უკრაინა)

73 კგ
1 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
2 რონალდ ალჟერი (საფრანგეთი)
3 ზაზა კედელაშვილი (საქართველო)
3 რიო საიტო (იაპონია)
ოთარ მაღლაკელიძე

















 





























 




           





 

0.162545