ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურ შეჯიბრებაში უნდა გამოვლინდნენ. 16 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრებიცაა. პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა გუნდმა ოქრო-ვერცხლის შანსი უკვე დაკარგა.
ქართველებმა ჩემპიონატი გერმანიასთან შეხვედრით გახსნეს და 3:2 იმარჯვეს. მეოთხედფინალში კი ასეთივე ანგარიშით დამარცხდნენ სამხრეთ კორეასთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაინაცვლეს. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართული ხუთეულის მეტოქე ჩინეთი იქნება, რომელიც ბრინჯაოს ფრონტზე ბრაზილიასთან 0:5 წაგების შემდეგ გადაერთო. იქამდე კი ჩინელებმა ალჟირელებს აჯობეს - 4:1.
ჩინეთის ძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები “ბრინჯაოს ფინალს” იაპონიისა და საფრანგეთის ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულთან ჩაატარებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს სამხრეთ კორეა და ბრაზილია დაუპირისპირდებიან. მათში დამარცხებული კი მესამე ადგილის დასაკავებლად რუსეთსა და ყაზახეთს შორის საუკეთესოს შეხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







