ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადებას რუსთავის “ოლიმპიც” შეუდგა. თემურ მახარაძის განკარგულებაში ბევრი ახალი ფეხბურთელი იქნება, თუმცა ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი, თებერვლიდან ქვემოქართლური გუნდის მაისურს მოირგებენ. ვიდრე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 7 ქულით დაწინაურებული “ოლიმპი” ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგება, მანამ ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ თემურ მახარაძეს, იმ ბრაზილიელების გარდა, რომელთა შესარჩევად სამხრეთ ამერიკაში პირადად ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე გაემგზავრება, რამდენიმე “უცხო” ლეგიონერის შემოწმება მოუწევს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოში სინჯებზე ჩამოსვლა, აშშ-ს მეიჯორლიგასა და აზიის ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშევ, შესაბამისად, ნიგერიელ და სირიელ ფორვარდებს მოუწევთ. არის იმის ალბათობაც, რომ ოლიმპელთა თავკაცმა, შუასასეზონო მზადებისას 21 წლის მავანი შოტლანდიელი მარცხენა ნახევარმცველიც იახლოს - ყველაფერი იმ სკაუტების “მოქნილობაზე” იქნება დამოკიდებული, რომლებიც რუსთავური გუნდისთვის ახალი ფეხბურთელების შერჩევით არიან დაკავებულნი.
“ოლიმპის” შუასასეზონო მზადებასა და სავარაუდო ახალწვეულების შესახებ, “მსოფლიო სპორტი” ქვემოქართლელთა მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს დაუკავშირდა.
- ბატონო თემურ, როგორ გეგმავთ გუნდის სეზონის მეორე ნახევრისთვის მომზადებას?
- ჩემპიონატში შესვენების გამოცხადების შემდეგ, პირველად დღეს შევიკრიბეთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სამედიცინო შემოწმების გავლის ვადებზე. სავარაუდოდ, ახალ წლამდე 2-3 დღე ვარჯიში კიდევ მოესწრება, მერე გუნდს დაახლოებით 3 დღით დავითხოვთ და შემდეგ, ინტენსიური მზადების პროცესი დაიწყება.
- როგორც ჩანს, უცხოური შეკრება არ იგეგმება.
- არა, გადავწყვიტეთ ადგილზე მოვემზადოთ და შესაბამისად, აქვე მოვძებნოთ სათანადო დონის სპარინგ-მეტოქეები.
- “ოლიმპი” სად ივარჯიშებს?
- მოგეხსენებათ, რუსთავში ახალი ხელოვნური საფარი გაკეთდა. ასე რომ, ამინდზე დამოკიდებული არ ვიქნებით და ჩვენს საკუთარ მოედანზე მოვემზადებით.
- სავარაუდო სიახლეებზე თუ ხართ უკვე ჩამოყალიბებული?
- როგორც ვთქვი, პირველად დღეს შევიკრიბეთ და მხოლოდ დაკვირვების პროცესში ვართ. ახალი წლის შემდეგ, როგორც კი თამაშები დაიწყება, გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელზე დაყრდნობაც მოგვიწევს. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენთან შესარჩევ ვარჯიშს დაიწყებს ცხინვალის “სპარტაკიდან” წამოსული პავლე დათუნაიშვილი, ბოლნისის “სიონიდან” გიორგი ხიდაშელი, გელა ხუბუა, თორნიკე თარხნიშვილი, ბელარუსიდან ჩამოსული გივი კვარაცხელია, გვინდა ვნახოთ ზუგდიდის “ბაიას” ფორვარდი რეზო ჯიქია.
- ვინ გამოგაკლდათ, მათი დაკონკრეტება უკვე შეიძლება?
- იცით, ყველას კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და სწორედ ახალი წლისთვის გვეცოდინება ვინ გამოგვაკლდება. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე გვითხრეს და ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, ვისთან ისურვებს თანამშრომლობის გაგრძელებას.
- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენთან სინჯებზე კიდევ რამდენიმე არაბრაზილიელი ლეგიონერი აპირებს ჩამოსვლას.
- ჩვენი აგენტების საშუალებით ინტენსიური ძიება მიდის. ჩვენ აუცილებლად გავსინჯავთ რამდენიმე ლეგიონერს და თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, მათ აუცილებლად დავიმატებთ.
- ბრაზილიური პროექტი განყენებული თემაა. რაც შეეხება სხვა უცხოელებს, როცა ასეთი ფუფუნების საშუალებას აძლევთ თავს, ბუნებრივია, გათვლას ევროტურნირებზე წარმატებულ გამოსვლაზეც აკეთებთ, თუმცაღა, ჯერ ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა გაქვთ ბოლომდე მისაყვანი.
- როცა ჩვენს მიმდინარე წარმატებაში ბრაზილიელების ფაქტორზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ აქ გამორჩეული წვლილი ორ მათგანს - აკინოსა და ფრაგას მიუძღვით. დანარჩენები, პრაქტიკულად, არ გამოგვადგნენ. სანამ გუნდში მოვიდოდი, თურმე მათ შორის ჯონათასი კარგად გამოიყურებოდა – მერე, ოჯახური პირობების გამო, 40 დღით სამშობლოში წავიდა და უკან დაბრუნებულს, ჩვეულ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონატში უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, ვთვლი, რომ ძალიან რთული მე-3 და მე-4 წრე გველის. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ უეჭველად ვითამაშებთ რომელიმე ევროტურნირზე. ამიტომ, აქედანვე გვსურს თადარიგის დაჭერა, რათა, როგორც ხდებოდა ხოლმე, ისე არ შერცხვეს ქართული გუნდი ევროპულ ასპარეზზე.
ფრიდონ კერვალიშვილი







