ჩოგბურთი

13:08 | 6.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ფინალის ორი გამარჯვებული

ლონდონის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა და საბოლოოდ გულშემატკივრებიც კმაყოფილი დატოვა. განსაკუთრებით გახარებულები ენდი მარეი და შოტლანდიელის ქომაგები არიან. სადიდსლემო ასპარეზობების მრავალგზის ფინალისტმა ენდიმ ხომ, როგორც იქნა, უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების მოგება მოახერხა. “თავისთავად ფინალის წაგება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მოგება. მითუმეტეს, ქარი რთულ პირობებში თამაშს გვაიძულებდა. ბედნიერი ვარ, ლეგენდარული მეტოქის წინააღმდეგობა რომ დავძლიე და კარიერის ყველაზე დიდი წარმატება რომ მოვიპოვე. გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე არ ვნერვიულობდი, ამიტომაც მთელი შეხვედრის განმავლობაში თავს ცოცხლად ვგრძნობდი. უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერამ დამატებითი ენერგია შემძინა”, - განაცხადა ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ ენდი მარეიმ.
კომენტარი როჯერ ფედერერმაც გააკეთა და ჟურნალისტებს გამოუტყდა, ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩემთვის გამარჯვებაა და მთლიანობაში თავს დამარცხებულად სულაც არ ვთვლიო: “გასული თვე ჩემთვის მეტად ნაყოფიერი გამოდგა. უიმბლდონი მოვიგე, მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე დავბრუნდი, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ასე რომ, ფინალში წაგების გამო, შესაცოდებელი არაფერი მჭირს. ბედნიერი ადამიანი ვარ და ვამაყობ მიღწეულით”. ფედერერმა ისიც დასძინა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი 2016 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეთა შორის მიხილავთო.
მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში ხუან მარტინ დელ პოტრომ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო, მიმდინარე ოლიმპიადაზე არგენტინას პირველი მედალი მოუპოვა, რის გამოც მასმედიელებს უთხრა, პლანეტის ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავსო.
ამასობაში მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ოლიმპიურ პრიზიორებს წარმატება პეკინის თამაშების ჩემპიონმა რაფა ნადალმა მიულოცა: “ენდის, როჯერს და ხუან მარტინს სიხარულს ვიზიარებ. განსაკუთრებით მარეის გამარჯვება ფასობს – კარგად ვიცი, რას ნიშნავს ჩემპიონობის მოპოვება საკუთარი ქომაგების თვალწინ”.

South African Airways ATP Rankings

1 (1) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 11435
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11270
3 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 8905
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 8120
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5455
6 (6) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 5230
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4515
8 (9) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3340
9 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3320
10 (10) ხუან მონაკო (არგენტინა) 2695

WTA Tour Singles Rankings

1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8820
2 (3) მარია შარაპოვა (რუსეთი) 8720
3 (2) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 8260
4 (4) სერენა უილიამსი (აშშ) 8045
5 (5) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 6195
6 (6) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 5275
7 (7) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 5225
8 (8) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4206
9 (9) სარა ერანი (იტალია) 3620
10 (10) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3400


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099329