საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, რევაზ რობაქიძის სახელზე უელსიდან წერილი მოვიდა. საერთაშორისო ასოციაცია ნიუპორტ-ქუთაისის ხელმძღვანელი დერეკ ბატლერი იტყობინება, რომ ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის და ქუთაისის დაძმობილებული ქალაქის – ნიუპორტის მერიის მხარდაჭერით 25 მაისს ნიუპორტში ჩატარდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ხელიდან ხელში გადაცემის ცერემონიალი, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო. ცერემონიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქუთაისის ქუჩაზე გაიმართა.
– ათი წლის წინ პირადად გახლდით ნიუპორტში ქუთაისის ქუჩის გახსნაზე, – განუცხადა "მსოფლიო სპორტს” რევაზ რობაქიძემ, – მართალია, ოლიმპიური ცეცხლის რვაათასკაციან ესტაფეტაში ქართველები არ მონაწილეობენ, მაგრამ სიმბოლური და საამაყოა, რომ ესტაფეტის უელსური ნაწილი ქუთაისის ქუჩიდან დაიწყო. ამ დღეებში ჩვენს ქალაქს ნიუპორტის დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაში ესტაფეტის რამდენიმე მონაწილეც იქნება. ამასთან დაკავშირებით სეოკ–ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად აპირებს ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ოლიმპიური მინი-ფესტივალის გამართვას.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან სპეციალურად worldsport.ge-სთვის







