საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” დღეს, წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი – “თბილისის თასი” დაიწყო, რომელშიც საქართველოს ორ ნაკრებთან ერთად, ბელარუსები და პოლონელებიც ასპარეზობენ.
დღის პირველ მატჩში ერთმანეთს, სწორედ ბელარუსისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დამაჯერებელი ანგარიშით – 14:9 ბელარუსებმა იმარჯვეს. გამარჯვებულთაგან, ყველაზე მეტი - 4 გოლი, პუჩკოვმა გაიტანა, ხოლო დამარცხებულთაგან, 2-2 გოლი - სეკულამ, ბარიმ და ლესზეკმა მიითვალეს.
მატჩი თავიდანვე ბელარუსთა უპირატესობით დაიწყო, სლავებმა თამაშის პირველი მეოთხედი თავის სასარგებლოდ 4:2 დაასრულეს, მეორე მეოთხედში კი, უპირატესობა შეინარჩუნეს და მეტოქეს დაწევის შესაძლებლობა არ მისცეს.
დარჩენილ მეოთხედებშიც, მეტად ძლიერები ბელარუსები აღმოჩნდნენ და საბოლოო ჯამში გაიმარჯვეს კიდეც.
მოგვიანებით, საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები შეერკინნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველ ნაკრებში მეტად გამოცდილი მოთამაშეები თამაშობენ, მათ შორის 4 ნატურალიზებული წყალბურთელი (მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, მარინო ფრანიჩევიჩი და დამირ წრეპულია), ხოლო მეორე ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პირველმა ნაკრებმა მეორე, დიდი ანგარიშით – 14:3 დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან, 3-3 გოლით, წრეპულია და იელაჩა გამოირჩნენ, დამარცხებულთაგან, 2 გოლით საუკეთესო, გეგელაშვილი იყო.
30 ივნისის შეხვედრათა განრიგი:
პოლონეთი - საქართველო-2 17:00 საათი
ბელარუსი - საქართველო 18:30 საათი
რუსუდან ჭუმბურიძე







