პრაღის მსოფლიოს თასის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტების-თვის, ერთი კვირის წინათ ჩატარებული დიუსელდორფის დიდი პრიზის პირველი დღის დარად, ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გერმანიაში გაცილებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ჩეხეთში კი თითქმის ყველა ძლიერი ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირის პირველ სამ წონით კატეგორიაში სამეულები ქართული გუნდის წევრთა გარეშე შეივსო. გუშინ ტატამზე ამირან ტოტიკაშვილის 5 შეგირდი გავიდა და ხუთივემ საწყის ეტაპზევე წაიფორხილა.
60 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა იჭიდავა. ფრანგ ეშლი მაკკენზის ოთხ წუთში იპონით კი გასცდა, მაგრამ კანადელ ფრეზერ ვილთან მეოთხე წუთზე თავად წამოეგო იპონზე. უმსუბუქეს წონაში ნაკრების პირველნომრობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი დავით ასუმბანია, მაგრამ ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა პარიზულ-თბილისური ტურნირების ჩემპიონს ზედმეტი კილოგრამები არ დააკლებინა და 66-ში ჭიდაობის ნება დართო. ექსპერიმენტმა არ გაამართლა - ასუმბანმა პირველსავე მეტოქესთან, რუმინელ დან გეორგე ფასიესთან მხოლოდ 2 წუთი და და 15 წამი გაძლო.
66 კილოგრამში კიდევ ორმა ქართველმა მოირგო კიმონო, მაგრამ... მინდია ხომიზური პირველსავე წრეში, ლიტველ ალბერტ ტეჩოვთან ვაზარით დამარცხდა. ხოლო შალვა ქარდავა ყაზახი რუსლან ჟალგასბაიევის ვაზარით ჩამოშორების შემდეგ ტუნისელ რაგებ კარჩუდთან დაიპონდა.
73 კილოგრამში, თენგიზ პაპოშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ფრანგ ლორენტ მესეგერს დაეჭიდა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე იპონზე წამოეგო. ამავე წონაში, საჩეხეთო წინასწარ განაცხადში ზაზა კედელაშვილიც იყო შეყვანილი, მაგრამ ტოტიკაშვილმა შემადგენლობაში ცვლილება პრაღაში გაფრენის წინ განახორციელა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამში საქართველოს სახელით ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი იჭიდავებენ, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, საბა გავაშელიშვილი და ზვიად გოგოჭური, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და რევაზ ჩიკოიძე, ხოლო მძიმე წონაში – ლაშა გუჯეჯიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი.
პრაღის მსოფლიოს თასის პარალელურად, ვარშავბაში, ანალოგიური ტურნირი იმართება, ოღონდ ქალთა შორის. საქართველოს ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ პოლონეთში 3 სპორტსმენი იახლა. სალომე წოწ-კოლაური (70 კგ), ნინო ოძელაშვილი (78 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) შეჯიბრში დღეს ჩაერთვებიან.
ძიუდო. მსოფლიოს თასი
პრაღა. 27 თებერვალი
60 კგ
1 ელიო ვერდე (იტალია)
2 გუან-იონ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 ლასლო ბურიანი (უნგრეთი)
3 მაქსიმ კოროტუნი (უკრაინა)
17 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 არმენ ნაზარიანი (სომხეთი)
2 ფლორენ ურანი (საფრანგეთი)
3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 დასტან იკიბაევი (ყაზახეთი)
17 შალვა ქარდავა (საქართველო)
33 დავით ასუმბანი (საქართველო)
33 მინდია ხომიზური (საქართველო)
73 კგ
1 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
2 მიარაგა სანიაასურენი (მონღოლეთი)
3 ანდრე ალვეში (პორტუგალია)
3 კინტერ როტბერგი (ესტონეთი)
17 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







