საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, სეზონი ახლახანს, ბათუმში, საქართველოს ჩემპიონატით გახსნა. ახალი ჩემპიონ-პრიზიორები, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა 4 მარტს, გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების ცენტრში შეკრიბა 2-კვირიანი წვრთნის გასავლელად. წლის პირველი შეკრება ახლახან დასრულდა. 29-ივნისიდან 4 ივლისამდე, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში, 3 საერთაშორისო ტურნირი და 2 შეკრება დარჩა. 24 მარტს, სხირელის შეგირდები რიგაში გავლენ ხალიჩაზე. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, “მსოფლიო სპორტს”, წინასაევროპო სამზადისის შესახებ გუშინ, ოლიმპიური რეზერვების დარბაზში ჩატარებულ ვარჯიშზე ესაუბრა.
- ცნობილი იყო, რომ პირველი შეკრება მთლიანად ფიზიკურ მომზადებას უნდა დათმობოდა. ამ ვარჯიშზე კი, უფრო ტექნიკა-ტაქტიკაზე გამახვილდა ყურადღება...
- ძირითადი ყურადღება მართლაც ფიზიკაზე გავამახვილეთ. შეკრების ბოლო ნაწილში, ბიჭები ხალიჩაზე მხოლოდ იმიტომ შევიყვანეთ, რომ წინ საერთაშორისო ტურნირია.
- რიგაში წასაყვანი შემადგენლობა, დიდი ხანია, რაც დაასახელეთ?
- ლატვიაში საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული ნაკრები მიდის. ასე რომ, მოულოდნელი არავისთვის არაფერი ყოფილა. მომავალ ტურნირზე 9-კაციანი შემადგენლობით გამოვალთ. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შანსს საქართველოს პირველობის ვერცხლის პრიზიორსაც ვაძლევთ.
- ევროპის ჩემპიონატზეც საქართველოს ჩემპიონები იჭიდავებენ?
- ძირითადად, ასე იქნება, თუმცა იმ წონებში, სადაც გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებზე გასულები მცირედით ჩამორჩნენ, თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფალავნებსაც მიეცემათ.
- ბათუმში ჩატარებული ჩემპიონატით, კმაყოფილი დარჩით?
- საორგანიზაციო მხარით მართლა ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ასეთი ტურნირების რეგიონებში გამართვა, პირველ ყოვლისა, ქართული სპორტის წინსვლისთვისაა აუცილებელი. რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, ვთვლი, რომ წლევანდელი ჩემპიონატი, შარშანდელზე უკეთესი არ იყო. თუმცა, რამდენიმე ნიჭიერი ახალი სახე მაინც გამოჩნდა. თუნდაც ლაშა ტალახაძე, რომელიც 50 კილოგრამში, კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა იდგა.
- სხვა წონების ჩემპიონებზე რას იტყვით?
- 55 კილოგრამში ოქროს მედალი ლაშა ლომთაძემ მოიპოვა. იგი შარშან 50-ში გამოდიოდა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. ახლა კი, ერთი წონით მაღლა აინაცვლა. მიუხედავად ამისა, 55-ში უწინდელივით გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია.
- ხინჩეგაშვილი უკვე ძირითადი ნაკრების უმთავრესი ფავორიტია და სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატს უფროსებში იჭიდავებს. პარალელურად, ახალგაზრდულშიც დარჩება?
- აუცილებლად. ეს მისი სურვილიცაა. არათუ ახალგაზრდების ევროპირველობაზე, ბაქოს ტურნირზეც კი იჭიდავებს. სურვილი თავად გამოთქვა.
- გადატვირთული კალენდარი ხომ არ გადაღლის?
- წესით, არ უნდა გაუჭირდეს. მთავარია, მოინდომოს.
- 60 და 66 კილოგრამებში ევროპის ორი მოქმედი ჩემპიონი გვყავს, გიორგი მაყიშვილისა და გოგა ხუჭუას სახით...
- სამწუხაროდ, ასაკი არც ერთს აღარ აძლევს ახალგაზრდებს შორის ჭიდაობის უფლებას. 60-ში საქართველოს ჩემპიონი თენგიზ ჩოჩიშვილი გახდა. 66-ში კი, ოქროს მედალს დავით ტლაშაძე დაეუფლა.
– 74 და 84 კგილოგრამებში, შიდა კონკურენციაში კვლავ ძველმა ლიდერებმა იმარჯვეს. ალბათ, ამ წონებში ყველაფერი გარკვეულია...
– დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) შარშან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც წარმატებით გამოვიდნენ და არც საერთაშორისო ტურნირებზე შეურცხვენიათ თავი. ორივე გამოკვეთილი ლიდერია შიდა კონკურენციაში. 96 კილოგრამს გასულ სეზონში გუნდის აქილევსის ქუსლად მივიჩნევდი და არა მგონია, წლეულს მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულიყო. საქართველოს ჩემპიონმა თორნიკე ხიდეშელმა, შარშანდელ საქართველოს პირველობაზეც საკმაოდ კარგად იასპარეზა, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცუდად გამოვიდა. იმედია, ნავსს გატეხს და უცხოეთშიც მიაღწევს კარგ შედეგს. ამ წონაში ფინალისტი ომარ გუსოშვილიც მინდა საერთაშორისო ტურნირებზე გამოვცადო. მძიმე წონაში კი, არჩევანს გიორგი საკანდელიძესა და ლევან ბერიენიძეს შორის გავაკეთებთ. ბათუმური ფინალი საკანდელიძის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ შეხვედრის ბედი მონეტამ გადაწყვიტა. სავარაუდოდ, მოსამზადებელი ციკლის ბოლოს, მათ საკონტროლო შეხვედრას მოვუწყობ. იქამდე კი, საერთაშორისო ტურნირებზე ორივეს მივცემ თავის გამოჩენის შანსს.
- რიგაში მხოლოდ საკანდელიძე მიგყავთ. გამოდის, რომ 26 მარტს დაგეგმილ საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატს გამოტოვებს?
- საკანდელიძე ლატვიურ ტურნირზე იჭიდავებს. აბსოლუტურ პირველობაზე კი, ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორები გამოვლენ.
- რიგაში, საქართველოს სახელით, ხალიჩაზე ერთი გოგონაც გავა. ქალთა სტილის პოპულარიზაციასაც იწყებთ?
- აუცილებლად. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი ქვეყნებისგან ქალთა სტილის განვითარებასაც მოითხოვს და კარგია, რომ ყინული დაიძრა. გორში დაინტერესება მართლაც სწრაფად იზრდება. გოგონების გუნდს სათავეში ცნობილი მოჭიდავე დავით პოღოსიანი ჩაუდგა. ლატვიურ ტურნირზე ანი აკოფოვი იჭიდავებს და მისთვის ასეთი შანსის მიცემა, სხვა გოგონებისთვის უდიდესი სტიმული იქნება.
- ლატვიური ტურნირის შემდეგ როგორ გააგრძელებთ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას?
- 20-23 აპრილს, ბაქოში, მორიგ საერთაშორისო ტურნირზე, უკვე ორი შემადგენლობით ჩავალთ და ნაკრების უმთავრეს კანდიდატებს ერთად დავაკვირდებით. შემდეგ, 14-16 მაისს, ანკარას ტურნირზე ვაპირებთ გამოსვლას. ალბათ, თურქეთში შიდა კონკურენციის ლიდერებს დავაყენებთ. ამ სამი შეჯიბრის მოლევის მერე კი, ორ შეკრებას გავივლით, სავარაუდოდ ვარიანის ბაზაზე.
ოთარ მაღლაკელიძე







