ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც 2 სეტით ესპანელ ალმაგროს 6:3, 6:4 მოუგო და ტიტულის დაცვას განაგრძობს. გაირკვა “ნოლეს” სანახევარფინალო მოწინააღმდეგეც – ბალკანელი ამერიკელ ჯონ იზნერს (11) შეხვდება.
ალმაგროს ძლევის შემდეგ კი, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებს სახელდახელო ინტერვიუ მისცა: “ალმაგროს მძლავრი მოწოდება აქვს, ამიტომაც ესპანელის წინააღმდეგ შესაფერისი ტაქტიკა ავირჩიე, რომელმაც სრულად გამიმართლა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. უკვე მომავალ ორთაბრძოლაზე ვფიქრობ და მთავარია, პირველი მოწოდებიდან ბოლომდე მაქსიმლურად კონცენტრირებული ვიყო”.
ჯოკოვიჩის მომავალმა მეტოქემ ჯონ იზნერმა (11) მეოთხედფინალში ფრანგ ჟილ სიმონს (13) 6:3, 1:6, 7:5. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, რომლის მსვლელობისას იზნერმა 11 ეისი შესრულა და 3 ბრეიკ-პოინტი განახორციელა. “სიმონთან პაექრობის შედეგით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, რასაც თამაშის ხარისხზე ვერ ვიტყოდი. მეც და ჟილიც მხოლოდ მოგებაზე ვზრუნავდით და სანახაობრივი მხარე ნაკლებად გვადარდებდა. ჯოკოვიჩის დასამარცხებლად კი მეტი სითამამეა აუცილებელი. იმედია, შაბათს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ და ეს საკმარისი იქნება თუ არა პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელის დასამარცხებლად, სანახევარფინალო ასპარეზობის მსვლელობისას გამოჩნდება”, - აცხადებს იზნერი, რომელსაც მსოფლიოს რეიტინგსიაში სადღეისოდ მეთერთმეტე პოზიცია უკავია.
ქალთა ერთეულთა თანრიგს რაც შეეხება, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე გარკვეულია. ბელარუსი ვიკტორია აზარენკასა და გერმანელი ანჟელა კერბერის წყვილს რუსი მარია შარაპოვასა (2) და სერბი ანა ივანოვიჩის (15) სანახევარფინალო დუეტი დაემატა. მეოთხედფინალში შარაპოვა თანამემამულე და სეხნია მარია კირილენკოს შეხვდა, პირველი სეტი 3:6 წააგო, თუმცა, საბოლოოდ მაიც იმარჯვა – მომდევნო პარტიები 7:5, 6:2 მოიგო და ნახევარფინალშია. ანა ივანოვიჩმა კი მეშვიდე ნომრად განთესილ ფრანგს, მარიონ ბარტოლის 2 სეტით 6:3, 6:4 სძლია და მომავალ მატჩზე შემდეგი განაცხადა: “უკვე 4 წელია, შარაპოვას პირისპირ კორტზე არ დავმდგარვარ. თუმცა, მარიას სტილი არ შეცვლილა – იგი კვლავინდებურად აგრესიულად თამაშობს, ცდილობს, პირველი მოწოდებიდან შემოგიტიოს და უპირატესობა მოიპოვოს. არასდროს დამავიწყდება ავსტრალიის ღია პირველობის 2008 წლის ფინალი, რომელიც შარაპოვასთან 5:7, 3:6 წავაგე და შინისკენ როდესაც მივფრინავდი, თვითმფრინავშიც კი სიმწრის ცრემლი მდიოდა”.







