რამდენიმე დღეში სტარტს ინდიან უელსის პრესტიჟული ტურნირი აიღებს სტარტს, რომლის საპრიზო ფონდიც 4 მილიონ 694 969 დოლარია. პლანეტის წამყვანი ჩოგბურთელები ამ შეჯიბრებისთვის ემზადებიან, დუბაის ტურნირის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა კი BNP Paribas Showdown საგამოფენო ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრები ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” ჩატარდა და პირველები ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი გაეჯიბრნენ. სადღეისოდ ქალ ჩოგბურთელთა შორის რეიტინგსიის მეორე ნომერმა შარაპოვამ ერთ დროს კლასიფიკაციის ლიდერ ვოზნიაცკის (ამჟამად მეოთხე პოზიციაზეა) 6:3, 6:4 მოუგო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთი გეიმი კაროლინის “ბოიფრენდმა” გოლფისტმა რორი მაკილროიმ ჩაატარა და მაშას ქულა აართვა.
როჯერ ფედერერის მოწინააღმდეგე კი ამერიკელი ენდი როდიკი გახლდათ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ შვეიცარიელის მარცხით 5:7, 6:7 (7:9) დასრულდა.
“ბოლო დროს ენდი მაინცადამაინც წარმატებული გამოსვლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ დღეს მაღალი კლასის ჩოგბურთი უჩვენა მაყურებელს და ვიმედოვნებ, იგი მსოფლიოს რეიტინგსიის უძლიერესთა ათეულში დაბრუნდება. “მედისონ სკვერ გარდენში” თამაშს რაც შეეხება, ნიუ იორკში და ამ არენაზე გამოსვლა ყოველთვის მსიამოვნებს. ადრე აქ პიტ სამპრასის წინააღმდეგ მითამაშია და როდიკთან დაპირისპირებამაც, წაგების მიუხედავად, კმაყოფილი დამტოვა”, - მარცხის მიუხედავად, “მხიარულ როჯერს” სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
“ფანტასტიკური საღამო გამოგვივიდა. როჯერმა ჩემ სტილს ალღო ვერ აუღო და ჩემდა გასახარად, მოვიგე. შეხვედრას “ნიუ იორკ ნიკზის” კალათბურთელი ჯერემი ლინი დაესწრო და როგორც მითხრეს, მქომაგობდა კიდეც. დიდი მადლობა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავს”, - როდიკი სადიდსლემო ტურნირების 16-გზის ჩემპიონთან მოგებითა და ლინის გულშემატკივრობით გახარებული გახლდათ.
ამასობაში როჯერ ფედერერმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმა იმის თაობაზე, თითქოს მან მადრიდის “რეალის” დაარსების 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე დანიშნულ მატჩში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. “მალე რაფას შევხვდები და საბოლოოდ ყველაფერს ნათელი მოეფინება. მადრიდში ნადალთან მატჩის ჩატარების იდეა ძალიანაც მომწონს და ახლა მხოლოდ ორივესთვის შესაფერისი დროის გამონახვაა საჭირო”, - დასძინა ფედერერმა.
გოჩა კაჭარავა







