ფეხბურთი

23:27 | 5.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნიკას შოუ

“საოცარია, მაგრამ “ვიძევს” ასეთი ფეხბურთელი გასინჯვაზე ჰყავდა” – gazeta.pl,  “ქართველმა შოუ დადგა” – 90minut.pl, “სუპერ ძალამიძე!” – sport.pl, “ის უკვე გახდა გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი” – ამას უკვე “ვიძევის” საიტი წერს. 

პოლონური გამოცემები აჭრელებულია ნიკა ძალამიძის საქებარი სიტყვებით, რომელმაც მართლაც სასწაულები აკეთა “ვიძევ”-“კორონას” (3:1) მატჩში, არადა, ახალ გუნდში სულ მეორე შეხვედრას ატარებდა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში, ძალამიძე ძირითადში დააყენეს და უკვე მე-20 წუთზე, ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა – გრძელი პასის შემდეგ, მაღალი ბურთი მარჯვენა ფეხით გააჩერა და მომენტალურად, ცაციით თავზე გადაუგდო კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს. რთულად შესასრულებელი დარტყმა იყო. სამ წუთში “კორონამ” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ქართველმა მალევე გაიბრწყინა – საჯარიმოში თავბრუ დაახვია მცველს, მახვილი კუთხიდან რბილად ჩაჰკიდა საჯარიმოში და იქ “ვიძევის” თავდამსხმელს, თავით ცარიელ კარში დარტყმის მეტი არაფერი აღარ დარჩენოდა.  
ძალამიძემ რამდენიმე წუთში დრიბლინგით კინაღამ კიდევ გაიტანა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ნიკას რამდენჯერმე ეუხეშნენ, პირველ ტაიმში სტუმართა ფეხბურთელმა სახეში ფეხიც ჩაარტყა, მაგრამ ქართველი მინდორზე დარჩა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა – 3:1.
გოლი, ორი საგოლე პასი და ბრწყინვალე თამაში. 75-ე წუთზე ნიკა  შეცვალეს და “ვიძევის” გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ... ჰო, პირველ ტაიმში ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო, ხელით თამაშისთვის. 
“ვიძევმა” მეცხრე ადგილზე აინაცვლა, ძალამიძე კი “ვიძევის” ფანების ახალი კერპი გახდა.   
 
ილია ნანობაშვილი
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097621