ფეხბურთი

16:09 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა: „ავსტრიაში „რუბინთან” მივდივარ და პარალელურად, ევრო-2013-სთვისაც ვემზადები“

 

19 წლის ნიკა კაჭარავას სახელი საქართველოში ფეხბურთის თაყვანისმცემლებისა და სპეციალისტებისთვის უკვე ცნობილია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ნიკა რუსეთის პრემიერლიგის ერთერთი წამყვანი გუნდის ყაზანის „რუბინის“ მოთამაშეა, ის წარმატებით გამოდის საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების რიგებში. ამ სტრიქონების ავტორი მაისის ბოლოს ბელგიაში ჩატარებულ ევრო 2013-ის ელიტრაუნდში იმის მომსწრე გახდა, თუ როგორ ვაჟკაცურად იბრძოლა ყველა შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა, მათ შორის ნიკამ.

ნიკასთან საუბარი თბილისში, ავსტრიაში გაგზავრებამდე ერთი დღით ადრე შედგა.

- ნიკა! კარგად მახსოვს მამათქვენის - კახის თამაში, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს თბილისის „დინამოს" რიგებში სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო 1990-იან წლებში კვიპროსის „ოლიმპიაკოსში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, ბერლინის „ტენის ბორუსიაში“ და სხვა კლუბებში. თქვენ არ გინახავთ მამათქვენის თამაში (ნიკა დაიბადა 1994 წლის 13 იანვარს ქ. ნიქოზიაში, კვიპროსში), მაგრამ როცა წამოიზარდეთ, ალბათ ნახავდით მამის თამაშების ვიდეოჩანაწერებს? მამათქვენმა გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში თუ, ეს ეზოს, ქუჩის ან მეგობრების დამსახურებაა? გავიგე, თურმე თქვენ კალათბურთი უფრო გიტაცებდათ? 

- მე მქონდა ბედნიერება, მენახა მამაჩემის რამდენიმე თამაშის ვიდეოჩანაწერი და ფრაგმენტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სრულად აღადგინო ის სურათი, თუ როგორი ფეხბურთელი იყო მამაჩემი (იცინის). უფროსებისგან ბევრი მსმენია მამაჩემის შესახებ, მაგრამ ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნები, თუკი მოვიძიებ მნიშვნელოვანი თამაშების ვიდეოჩანაწერებს მამაჩემის მონაწილეობით. მე სპორტულ ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი ლია მიქაძე კალათბურთელი იყო. ჩემი ნათესავი, სოხუმელი ლიკა ქაჯაია 1990-იან წლებში საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, შემდეგ არბიტრი იყო, ახლა კი „სოხუმის“ ახალგაზრდული (U 20) გუნდის მთავარი მწვრთნელია, რომლის გუნდმაც 2012 და 2013 წლებში საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ ზედიზედ მოიპოვა, ხოლო 2011 წელს „სოხუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა 18 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში.

ლიკა ბევრს მეჩიჩინებოდა კალათბურთი მეთამაშა, მიმტკიცებდა, რომ ჩემი სიმაღლე 198 სმ ჩემ საკალათბურთო კარიერაში მომგებიან როლს ითამაშებდა.

ლიკას დიდ პატივს ვცემ, კალათბურთიც მიყვარს, მაგრამ ფეხბურთი ავირჩიე და არც ვნანობ ამას. ვთამაშობდი თბილისში „ნორჩ დინამოელში“, სპორტულ სკოლაში „ოლიმპიური მომზადების ცენტრი“, სხვადასხვა წლებში ჩემი მწვრთნელები იყვნენ თემურ თავჭრელიძე, ბაგრატ ჩადუნელი, ვასილ მაისურაძე, ნესტორ მუმლაძე, ჩემი როგორც ფეხბურთელის აღზრდაში დიდი როლი მიუძღვის მწვრთნელ გიორგი დევდარიანს.

2011 წლის მაისში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გავხდი საქართველოს ჩემპიონი დუბლების გუნდებს შორის. ვთამაშობდი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ახლა კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ვარ. შარშან ვვარჯიშობდი „გაგრის“ კლუბში.

- „რუბინში“ როგორ მოხვდი? 

- ალბათ, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებ გუნდებში თამაშისას შემნიშნეს სპეციალისტებმა. როგორც ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელს, "რუბინში" რეკომენდაცია გამიწია ყოფილმა ფეხბურთელმა გიგა გადელიამ, რომელიც 1990-იანების ბოლოს და 2000-ის დასაწყისში რუსეთის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა და რუსეთის საფეხბურთო ცხოვრებას კარგად იცნობს. „რუბინში“ ძალიან თბილად მიმიღეს. „რუბინის“ დუბლებში ვთამაშობდი და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვვარჯიშობდი.

ორშაბათს, 17 ივნისს, დილით თბილისიდან მიუნხენში მივფრინავ, იქიდან კი გადავალ ავსტრიაში, სადაც შეკრებაზე იმყოფება „რუბინი“. იქ ერთ კვირას დავყოფ გუნდთან ერთად, შემდეგ ყაზანში დავბრუნდებით, მერე კვლავ ავსტრიაში, „რუბინის“ შეკრებაზე წავალ.

ბელგიიდან საქართველოს 19 -წლამდელთა ნაკრებთან ერთად დავბრუნდი 30 მაისს, თბილისში ვვარჯიშობდი და აქვე ველოდებოდი შენგენის ვიზის მიღებას. ახლა ყველაფერი რიგზეა და 17 ივნისს "რუბინთან" ერთად ავსტრიაში ვიქნები. ძალიან მონდომებული ვარ, რომ „რუბინის“ მწვრთნელების და ბიჭების, მათ შორის ყაზანის გუნდში მოთამაშე საბა კვირკველიას ნდობა გავამართლო და ნელნელა დავიმკვიდრო თავი კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

ივლისში კი ლიტვაში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს შორის. ჩვენ, ნაკრების წევრებს ძალიან გვსურს, ლიტვაში ლამაზი, შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მთელი საქართველო, უცხოეთში მცხოვრები ქართველები გავახაროთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

- ვფიქრობ, ლიტვაში მცხოვრები ქართველები აქტიურად უქომაგებენ ნაკრებს, ისევე, როგორც ბელგიაში მცხოვრებმა ქართველებმა გაგიწიეს არნახული მხარდაჭერა.  

- დიახ, მეც და ნაკრების ფეხბურთელებსაც ძალიან კარგად გვახსოვს ბორნემსა და ვესტერლოში ინგლისთან, შოტლანდიასა და ბელგიასთან თამაშებზე ტრიბუნებიდან რა გულიანად, ომახიანად გუგუნებდნენ ჩვენ მხარდასაჭერად ბელგიაში მცხოვრები ქართველები. უდიდესი მადლობა მათ. ვიმედოვნებთ, რომ ლიტვაშიც ასეთივე აქტიურები იქნებიან ჩვენი გულშემატკივრები.

- რაზე ოცნებობს ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა? 

- ჩემი ოცნებაა, მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გავხდე და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვითამაშო. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

თენგიზ პაჭკორია,სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის 

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137357