17 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს. ამის შესახებ ქუთაისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ფეხბურთელი აქამდე ზუგდიდურ გუნდში ირიცხებოდა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2010-2011 წლების სეზონში 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა მაშინდელ „ბაიაში“ იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.
ახვლედიანი საქართველო 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მან ხსენებული გუნდის შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე („პრეზიდენტის თასი“), სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა, ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ბადრი ახვლედიანის შვილია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“, რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მას ეროვნული ნაკრების მაისურიც მოურგია.









